1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და შემართებული”- სალომე ზურაბიშვილი
“ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და შემართებული”- სალომე ზურაბიშვილი

“ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და შემართებული”- სალომე ზურაბიშვილი

274
0

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინელ ხელოვან ქალთა ნამუშევრების გამოფენას „ჩამოქცეული ცა“ უმასპინძლა. როგორც აღინიშნა, გამოფენის მიზანი ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, თავად ხელოვანების მხრიდან კი, ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი მანიფესტია.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, აქ, ორბელიანების სასახლეში ვუმასპნძლოთ პირველ გამოფენას, ვიცი, შემდეგ კიდევ იქნება სხვადასხვა გამოფენა და გამოფენა-გაყიდვები სხვა გალერიებშიც, მაგრამ აქ გამოფენას სხვა დატვირთვა აქვს. ეს სწორედ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატვაა არა მხოლოდ თქვენ მიმართ, არამედ თქვენი ქვეყნისა და იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც დღეს თქვენი ქვეყანა იმყოფება. თქვენი აქ ყოფნა, ამ გამოფენის გამართვა უკვე განაცხადია. განაცხადია იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით, რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რასაც ჩვენი ერთობლივი, ევროპული გზა ჰქვია. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, რადგან ნამდვილი უსაფრთხოება რეალურად მიღწეულია, როცა იმ ოჯახში ხარ, სადაც ერთმანეთის გვერდით, ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ყველა. ეს ჩვენი მომავალია. მე ამ მომავალს გისურვებთ თქვენ და ვუსურვებ ჩვენს ხალხს. ვიცი, რომ ეს რთული დღეები გაივლის და ვიცი, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი და უფრო შემართებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის დახმარებისა და ამ ტრაგიკულ მომენტში, უკრაინული კულტურის მხარდაჭერისთვის.

„დიდება უკრაინასა და საქართველოს, დიდება იმ გმირებს, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ, ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კასიანოვმა.

მისივე თქმით, ხელოვნება ძლიერი საშუალებაა რეაბილიტაციისთვის, რასაც უარყოფითი ემოციებისგან ყურადღების გადატანის უნარი აქვს და სტრესის დაძლევაში გვეხმარება.

„სხვადასხვა ტიპის გამოფენას სინერგიული ეფექტი აქვს. განსახვავებული ხალხის ერთიანობის სულისკვეთება, ჩვენს შემთხვევაში უკრაინელი ხალხის, რომლებიც ახლა ომის საშინელი, უმოწყალო ომის ტვირთს ატარებენ, და მოძმე ქართველი ხალხი, რომლისთვისაც რუსული აგრესია ძალიან ტრაგიკული ცნებაა, თუმცა უზრუნველყოფს უკრაინას მტკიცე მატერიალური, სულიერი მხარდაჭერით“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ორბელიანების სასახლეში გამოიფინა ლიუბოვ დუშინას, ოლგა ლისიცკას, ირინა ვინიჩენკოს, პოლინა ბალაცკოს, ევა კოჟარინოვას, ანასტასია კლიმენკოს, ნიკა ხვოროსტენკოს, ნატალია კოსსის ნამუშევრები.

„ხარკოვიდან თბილისში უკვე მეოთხე თვეა, ვიმყოფები. კიეველი მხატვრის რეკომენდაციით მომიწვიეს უკრაინელი მხატვრების რეზიდენციაში. ამ დროის განმავლობაში შეიქმნა ეს არტობიექტები. ეს არის მოგონება, როდესაც მოხალისედ ვმუშაობდი დასავლეთ უკრაინაში. დაახლოებით ერთი თვე ვცხოვრობდით ოჯახთან ერთად, მოხალისეებად. აქ ჩემს ორ ქალიშვილთან ერთად ვიმყოფები. მქონდა რადენიმე შემოთავაზება, წავსულიყავი პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყანაში, მაგრამ ევროპა ომამდე მქონდა ნანახი, ევროპაში წასვლა ჩემთვის რთული იყო, რადგან ქალაქი, სადაც მე 20 წელი ვცხოვრობდი, ახლა ნადგურდება. საქართველო კი, ქართველ ხალხს ყველაზე უკეთ ესმის ჩვენი. ჩემი შვილები აქ სკოლაში წავიდნენ. საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი“, – განაცხადა სცენოგრაფმა, გამოფენის მონაწილე ლიუბოვ დუშინამ.