“უკრაინული ანტიდრონები რუსულ რეაქტიულ დრონებს ვეღარ “იჭერენ” – მათი სიჩქარე საათში 500 კილომეტრია”-The Daily Telegraph
“უკრაინული ანტიდრონები რუსულ რეაქტიულ დრონებს ვეღარ “იჭერენ” – მათი სიჩქარე საათში 500 კილომეტრია” – ასეთი სათაურითაა გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ “დეილი ტელეგრაფში” (The Daily Telegraph), რომლის ავტორი, ჟურნალისტი ანტონინა ლენგფორდი კიევში იმყოფება და იქაურ სიტუაციას და შთაბეჭედილებას მკითხველებს უზიარებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ომის დაწყებიდან უკრაინის დედაქალაქი სიკვდილისმთესველი დრონების – „შაჰედების“ – ძრავების გუგუნში ცხოვრობდა, რომლებიც კიეველებს თავზე დაფრინავდნენ და მათ ციდან ემუქრებოდნენ. დღეს კიევის მცხოვრებლებს სხვა ხმა ატერორებს – რეაქტიული დრონების გამაყრუებელი სტვენა, რომლებიც ცას ისეთი სისწრაფით კვეთენ, რომ ადამიანს რაკეტები ეგონება. ამ განახლებულ სისტემებს შეუძლიათ 500 კმ/სთ სიჩქარის განვითარება – თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად დაფრინავენ, ვიდრე მათი ირანული პროპელერიანი წინამორბედები – და 50-90 კგ-მდე წონის ასაფეთქებელი ტვირთის – საბრძოლო ქობინების გადატანა შეუძლიათ.
უკრაინის ოფიციალურ პირთა თქმით, რუსეთი სულ უფრო ხშირად და მასირებულად ბომბავს კიევს, ცდილობს ქაოსი შეიტანოს უკრაინის დედაქალაქის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაში და ქმნის „გარღვეულ ადგილებს“, რომლებშიც „გაძვრომა“ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს შეუძლიათ. შესაბამისად, უკრაინელ სამხედროებს უხდებათ ძვირადღირებული ანტიდრონებისა და „პეტრიოტების“ რაკეტების გამოყენება, რომლებიც მწვავედ დეფიციტურია.
ორ ივლისს დილით ადრე განხორციელებულ თავდასხმაში რუსეთმა რეკორდული რაოდენობის რეაქტიული „შაჰიდები“ (რუსულად, „გერანები“) გამოიყენა.
„დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა, რომელიც იმ დღეს კიევში იყო, დამახასიათებელი შემაძრწუნებელი ხმა გაიგონა და შემდეგ დაინახა, თუ როგორ შეუტიეს რეაქტიულმა „შაჰედებმა“ ქალაქს – დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 25 ადამიანი, 90-ზე მეტი დაშავდა, დაზიანდა 130-ზე მეტი შენობა.
ოთხნახევარ წელზე მეტი ხნის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის არმიამჯ კიევის დასაცავად მძლავრი საჰაერო ფარი შექმნა, რომელიც მოიცავს მაღალი სიჩქარის მქონე სამამულო ანტიდრონებს (რომლებიც რუსულ დრონებს „იჭერენ“ და ანადგურებენ), იმპორტულ რაკეტ-„დამჭერებს“, მობილურ საცეცხლე ქვედანაყოფებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს და ვერტმფრენებს.
უკრაინული სწრაფი (180-300 კმ/სთ) ანტიდრონები განსაკუთრებით ეფექტურები არიან შედარებით დაბალი სიჩქარისა და სამკუთხა ფრთების მქონე რუსული დრონების წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო დროს რუსებმა დაიწყეს ახალი ტიპის დრონების შექმნა, რომლებიც ჩინური წარმოების კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავებით არიან აღჭურვილნი და რომლებიც იოლად უსხლტებიან უკრაინულ ანტიდრონებს. „რუსული დრონები 500 კმ/სთ. სიჩქარით დაფრინავენ და უკრაინული ანტიდრონ-„დამჭერები“, რომელთა სისწრაფე მხოლოდ 300 კილომეტრია საათში, მათ ვერ ეწევიან“, – ამბობს იური იგნატი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი უკრაინის ტელეარხისადმი ინტერვიუში, – „ამიტომ იძულებულები ვართ მათზე ძვირადღირებული დასავლური რაკეტები დავხარჯოთ“..
ამ მომენტისათვის ასეთი მოდელები რუსეთს ჯერ კიდევ არასაკმარისი რაოდენობით აქვს. იმ 496 დრონიდან, რომლებიც 2 ივლისს მოსკოვმა კიევისაკენ გაუშვა, მხოლოდ 30-ს ჰქონდა რეაქტიული ძრავა, თუმცა რიგი სამხედრო ჟურნალისტების, მაგალითად, ბოგდან მიროშნიკის თქმით, მათი რაოდენობა 100-ს აჭარბებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ღამით შეტევისათვის ეს მაინც რეკორდული რაოდენობაა. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ახალი რუსული დრონები შედარებით უფრო ეფექტურები არიან.
რეაქტიულ დრონებთან ერთად, კიევის დაბომბვაში 74 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტაც იქნა გამოყენებული – „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კალიბრები“, „იქს-101“-ები და „იქს-59“-ები. სამწუხაროდ, 28 ბალისტიკური რაკეტიდან უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ მხოლოდ 3-ის ჩამოგდება შეძლო.
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის ალექსანდრ კოვალენკოს თქმით, „ადრე რუსეთი ათასი დრონით 10-12 საათის განმავლობაში გვიტევდა და გვბომბავდა ხოლმე, მაგრამ ახლა რეაქტიული დრონებით იგივეს 4-5 საათის განმავლობაში აკეთებს“.