1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი შეიძლება ღალატით დასრულდეს” – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“
„უკრაინისათვის ახალი 2024 წელი შეიძლება ღალატით  დასრულდეს”  – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

„უკრაინისათვის ახალი 2024 წელი შეიძლება ღალატით დასრულდეს” – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

1.91K
0

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) თავის 3 იანვრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „უკრაინისათვის ახალი 2024 წელი ღალატით შეიძლება დასრულდეს: უხერხემლო დასავლელი ლიდერები პუტინს გამარჯვებაში ხელს უწყობენ“ (ავტორი – რობერტ კლარკი, სამხედრო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

შარშან ამ დროს, 2023 წლის იანვრის დასაწყისში, უკრაინა ძალიან იმედიანად იყო განწყობილი: მისმა ჯარმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ჯერ ხერსონთან, შემდეგ კი ხარკოვთან, რუსი ოკუპანტებისაგან ტერიტორიები გაათავისუფლა და დაიბრუნა. მოვლენებს ისეთი პირი უჩანდა, რომ დასავლეთის დედაქალაქები დარწმუნდნენ – კიევის გამარჯვება მოსკოვზე ახლოს იყო. დასავლელი ლიდერები იმას კი არ ლაპარაკობდნენ, გაუგზავნონ თუ არ გაუგზავნოს კიევს რაკეტები, ქვემეხები, ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა, არამედ იმას, თუ რამდენი გაუგზავნონ და როდის.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისადმი მრისხანე „ჩელენჯერების“ გაგზავნით დაადასტურა, რომ ლონდონი კიევისათვის წარმატებული სამხედრო დონორი გახდა. ალბიონმა ერთგვარი დიპლომატიური ზეწოლა განახორციელა ვაშინგტონ-ბერლინზე და ისინი აიძულა კიევისათვის „აბრამსები“, „ბრედლები“ და „ლეოპარდები“ გადაეცა. ამ ტანკებზე დიდი იმედები იყო დამყარებული დაგეგმილი კონტრშეტევისათვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის იანვრის დასაწყისში განწყობა სრულიად განსხვავებულია: კონტრშეტევა ჩაშლილია – უკრაინამ ვერ მოახერხა ვლადიმერ პუტინის არმიისათვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა. რუსულმა ეკონომიკამ დასავლეთის სანქციებს გაუძლო და სწრაფად გადავიდა სამხედრო რელსებზე, რათა ფრონტი უწყვეტად მოემარაგებინა იარაღით. დასავლეთი ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება და დაყოვნებულად მოქმედებს. ამასობაში კი უკრაინა ახალი წლის დღეებში მასირებულ დაბომბვას განიცდის, მისი ფრონტი შესუსტებულია, არმიას ჯარისკაცები აკლია, მობილიზაცია პრობლემების წინაშე დგას.

არადა, გვახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ უკრაინის მედგარი მებრძოლები დასავლეთმა ლიბერალური ფასეულობებისა და თავისუფლების დამცველებად შერაცხა, დღეს კი დასავლელ მთავრობებს ემჩნევათ, რომ უკმაყოფილონი არიან, გაჩნდა ეჭვები კიევისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევის საკითხებში.

უკრაინელი ხალხისაგან დღეს ზურგით შებრუნება, თანაც ასე სწრაფად და მით უმეტეს, ბოლო თვეების სისხლისმღვრელი ბრძოლების ფონზე – ეს დასავლეთის მორალურ კრახსა და სტრატეგიულ გულგრილობას ნიშნავს.

გასაგებია, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს გარკვეული ეჭვი შეეპარათ დამანგრეველი ომის გაგრძელებაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე მოკლევადიან ან საშუალოვადიან ჩიხს უნდა ველოდოთ.

დასავლური ეკონომიკა ჯერაც ვერ გამართულა წელში გასული წლების პანდემიისა და ენერგეტიკული კრიზისისაგან. საერთაშორისო სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, წითელი ზღვის აკვატორიაში (იემენელი ხუსიტების თავდასხმები სავაჭრო გემებზე) – ეს ყველაფერი მყიფე მსოფლიო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან დარტყმას წარმოადგენს. შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

და ამ დროს, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში სპილოების – ამერიკელი რესპუბლიკელების დაბრუნების პოტენციური შესაძლებლობაა გაჩენილი 12 თვის შემდეგ, დღის წესრიგში დგება უკრაინისადმი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტის საფრთხე. ვაშინგტონში ჯო ბაიდენი ამბოხებულ კონგრესს ებრძვის და აგებს, ბრიუსელში კი ევროკავშირს ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგება და იგებს – უკრაინისადმი დახმარების გამოყოფას ბლოკავს.

ერთობლიობაში საკმაოდ შავბნელი სურათი იხატება. უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევა, ჩიხური სიტუაცია თითქმის მთელ ფრონტზე, რუსეთის ეკონომიკის ამტანობა და სიმტკიცე, დასავლეთის ყურადღების გადატანა უკრაინის მიღმა… დღეს კიევი ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე შარშან ამ დროს იყო.

თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედოდ არ არის: უკრაინა თავის სამხედრო მრეწველობას ავითარებს, რათა დასავლეთზე დამოკიდებულება შეასუსტოს. კიევს შესწევს იმის ძალა, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დაიბრუნოს, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა. უკრაინის არმია ბრძოლისუნარიანია, ათასობით ჯარიკაცი მომზადდა ნატოს მიერ, საზღვარგარეთ. მათი ერთ მუშტად გაერთიანება ფრონტზე წარმატების მომტანი იქნება. მთავარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფა და არტილერიის რეზერვების შევსება.

თავის მხრივ, რუსეთის ემზადება ომის გასაგრძელებლად – მისი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედი სამხედრო დანიშნულებისაა. კრემლი ცდილობს მიტაცებული ტერიტორიები შეინარჩუნოს. თუ მოსკოვი ამას მოახერხებს, მაშინ დრო მის სასარგებლოდ იმუშავებს, უკრაინის ეკონომიკა კი, დასავლეთის დაუხმარებლად, მძიმე ტვირთს ვერ გაუძლებს და გამოიფიტება.

რუსეთს სწორედ ამის იმედი აქვს. ვლადიმერ პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ დასავლეთი გამოცდას ვერ გაუძლებს და წელში გაწყდება. მაგრამ თუ ჩვენ მტკიცედ დავდგებით, შეგვიძლია მას ხელი შევუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი 2024 წელს არამარტო უკრაინის დამოუკიდებლობას დაასრულებს, არამედ ევროპის სუვერენიტეტსაც.

წყარო