“უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა – უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა”- Focus
„ექსპერტების დასკვნა: „უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მიმოხილულია გერმანელი ექსპერტების შეფასებები და პროგნოზები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ (ავტორი – ანა შმიდი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ სტრატეგიული და ოპერატიული თვალსაზრისით, უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინის მომხრეები დამწუხრებულნი არიან – ისინი ხომ დიდ იმედებს ამყარებდნენ და ელოდებოდნენ, რომ კიევის ძლევამოსილი ჯარი ყირიმსაც გაათავისუფლებდა, დონბასსაც [და „აზოვის ზღვის წყალსაც დალევდა“]. ოფიციალურად, კონტრშეტევის გეგმა ითვალისწინებდა რუსეთის არმიის მიერ აგებული თავდაცვითი ხაზის გარღვევას, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრას და რუსეთის არმიის განადგურებას ან მათ იძულებას უკრაინის ტერიტორიიდან გასვლაზე.
მაგრამ ყველაფერი იმედგაცრუებით დამთავრდა: უკრაინის არმიამ „სუროვიკინის ხაზის“ გარღვევა ვერ შეძლო. უკრაინელებმა, ექვსთვიანი ბრძოლების შემდეგ, წინ მხოლოდ მცირედ, 17 კილომეტრით წაიწიეს და 400 კვ.კმ-ის ტერიტორიის დაკავება შეძლეს.
ამჟამად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის დონე ისეთი აღარ არის, როგორც კონტრშეტევის დაწყების წინ იყო. გააფთრებულ და სისხლისმღვრელ ბრძოლებში კიევმა 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, უფრო მეტი კი დაიჭრა და დასახიჩრდა. აღსანიშნავია, რომ კონტრშეტევის ჩაშლას ადასტურებენ არამარტო დასავლელი სამხედრო სპეციალისტები, არამედ თვით უკრაინის არმიის სარდლობა – გენერალ ვალერი ზალუჟნის აღიარებით, ამჟამად ფრონტზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი.
როგორც გერმანული სამხედრო-პოლიტიკური საზოგადოების თავმჯდომარე რალფ ტილე ამბობს, უკრაინის არმიის წარუმატებელი მოქმედება იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთის არმიამ მოახერხა სიტუაციასთან შეგუება (ადაპტაცია) და ახლა უკრაინასთან (ჩათვალე – დასავლეთთან) ომს მათი ძალების გამოფიტვის მიზნით აწარმოებს. კრემლმა, შეიძლება ითქვას, უკრაინის არმიის შეტევას წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია თავისი თავდაცვის ხაზის სიღრმისა და სიმტკიცის წყალობით, კერძოდ, იმით, რომ დანაღმა ტერიტორიის დიდი ფართობი, ააგო ფორტიფიკაციები, მოხერხებულად განალაგა არტილერია და დრონებთან ბრძოლაში მაღალეფექტური ელექტრონული საშუალებები გამოიყენა. საკმარისია ითქვას, რომ ყველაზე დაძაბულ მომენტებში უკრაინა თვეში 10 ათასამდე დრონს კარგავდა.
თანაც ამ დროს აღმოჩნდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მდგრადობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.
გავიხსენოთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან დასავლეთმა ანტირუსული სანქციების 12 პაკეტი მიიღო, აკრძალა ყველაფერი, რისი აკრძალვაც შეიძლებოდა, რუსული ბანკები „სვიფტის“ სისტემიდან გამორთო, დააწესა მკაცრი ემბარგო რუსულ პროდუქციაზე, მაგრამ… უკვე მეორე წელი იწურება და რუსეთის ეკონომიკა არათუ იშლება და ინგრევა, არამედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იზრდება კიდეც.
რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზი აქვს. დასავლეთისა და ევროპისაგან უარყოფილმა რუსეთმა მოახერხა ახალი ბაზრების ათვისება (ჩინეთი და ინდოეთი), გააფართოვა ურთიერთობა „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან და ისინი იაფფასიანი მარცვლეულით და ენერგონედლეულით (გაზით და ნავთობით) უზრუნველყო. თავის მხრივ, „გლობალურმა სამხრეთმა“ მხარი რუსეთს დაუჭირა ან თავი შეიკავა კრემლის კრიტიკისაგან. აფრიკისა და აზიის რიგი ქვეყნებისათვის რუსეთი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. კრემლმა იპოვა შემოსავლების მიღების ალტერნატიული გზები და თავისი ეკონომიკა ომის მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა
„ახლა მოსკოვს და კიევს ერთმანეთთან დიდი ხნის ბრძოლა მოუწევთ. ორივე ერთმანეთის ძალების გამოფიტვას და დაქანცვას შეეცდება. ამასთან, მომავალი უკრაინისთვის უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე რუსეთისათვის“, – ამბობს რალფ ტილე, – უკრაინის შესაძლებლობები მცირდება. სიტუაციაა გაართულა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც. მოსალოდნელია, რომ უკრაინის იარაღით უზრუნველყოფაში პრობლემები იქნება. ევროპას უკრაინის სოციალური სფეროს დაფინანსებაც გაუჭირდება…
ალბათ, ზამთარში რუსეთის გააგრძელებს დაბომბვებს და შედეგები სულ უფრო მძიმე იქნება. უკრაინას კი ომის გასაგრძელებლად არ ეყოფა არც რაკეტები და არც ჭურვები, არც ახალწვეულთა საკმარისი რაოდენობა. ამიტომაც კიევმა მდგომარეობა სწორი პოლიტიკის გატარებით და დიპლომატიის წყალობით უნდა გამოასწოროს. „უკვე დროა დიპლომატები, რომლებიც ტანკებისა და რაკეტების უკან დგანან, წინ გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა თქვან“, – აცხადებს გერმანელი ექსპერტი.