1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“ – The Economist
„უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“ – The Economist

„უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“ – The Economist

233
0

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) ყურადღებას აქცევს უკრაინაში ომით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზარალს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის ცხოველთა სამყაროც ომის მსხვერპლი გახდა“, რომელშიც განხილულია ის ეკოლოგიური ზიანი, რაც უკრაინის ფლორასა და ფაუნას მიადგა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია გრძელდება, ადამიანების გარდა, ცხოველებსაც შეეხო, თუმცა სხვადასხვანაირად. დიდი ალბათობით, საომარი მოქმედებების მსხვერპლი გახდა ათობით ათასი შავი ზღვის დელფინი, თუმცა ომის დროს ნადირობის აკრძალვამ დადებითად იმოქმედა მელიების პოპულაციაზე, რომელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ომმა უზარმაზარი ეკოლოგიური ზარალი გამოიწვია: ტყეები და სტეპები გადაიწვა, მიწა და წყალი დანაგვიანებულია ნაღმების, ჭურვებისა და ბომბების ნამსხვრევებით, რაკეტების ძრავების ქიმიური მომწამლავი ნივთიერებებით. როგორც მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა უკრაინის მთავრობამ, ომმა გარემოს უკვე მიაყენა კატასტროფული ზიანი – დაახლოებით 56 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ორი წლის წინ, მარტში, როცა მილიონობით უკრაინელი მოქალაქე იძულებული გახდა ომს საზღვარგარეთ გაჰქცეოდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ეს იყო ხალხთა ისტორიაში ყველაზე მასობრივი გადაადგილება, რომლის დროსაც ადამიანებს თან ახლდათ შინაური ცხოველები. მგრძნობიარე და გულში ჩამწვდომი ისტორიები იმაზე, თუ როგორ პოულობდნენ მრავალსართულიანი შენობების ნანგრევებში გადარჩენილ ფისოებსა და ცუგებს, ერთგვარად შეარბილეს იმ დროის ჟურნალისტთა მკაცრი სტატიების ატმოსფერო. მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ როცა ათასობით ადამიანი იღუპება, უკრაინის ველური ბუნების – ფლორისა და ფაუნის ბედი ნაკლებ ყურადღებას იპყრობს.

ომის შედეგები განსაკუთრებით საშინელი გამოდგა შავი ზღვის დელფინებისათვის. ივან რუსეთი, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბესარაბიაში არსებული ეროვნული ბუნებრივი პარკის „ტუზლის ლაგუნის“ სამეცნიერო დირექტორი, ამბობს, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში პარკის პლაჟზე ტალღებმა მკვდარი დელფინების გამორიყა. მისი გამოთვლით, 2022 წელს დაახლოებით 50 ათასი დელფინი დაიღუპა. „დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ დელფინების სიკვდილი რუსეთის სამხედრო ხომალდების ჰიდროლოკატორმა გამოიწვია, რომელმაც ცხოველები „დააბრმავა“, მათ ფსიქიკაზე იმოქმედა, საკვების მოპოვება გაუძნელა და დაასნეულა“, – ამბობს ივან რუსევი, – გარდა ამისა, თავისი ნეგატიური როლი შეასრულა თეთრფოსფორიანი საზღვაო ბომბების აფეთქებებმა, რომლებიც დელფინების კანს წვავდა“. გასულ წელს, როცა რუსეთის ფლოტის მოქმედების არეალი შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვნად შევიწროვდა, დაღუპული დელფინების რაოდენობა შემცირდა.

ზამთრის ცივ დილას, კიევიდან დასავლეთით, 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ კვიტნევოსთან ახლოს შეკრებილი მონადირეები დუმილით მიაგებდნენ პატივს და ემშვიდობებოდნენ ფრონტზე დაღუპულ მათი საძმოს წევრს, შემდეგ ისინი ტყეში შევიდნენ და მელიების ძებნა დაიწყეს, მათი რაოდენობის შემცირების მიზნით. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, უკრაინაში გარეულ ცხოველებზე ნადირობა, იშვიათი გამონაკლისით, აიკრძალა. ახლა კი მელიებზე ნადირობა ნებადართულია – გრძელკუდიანი ცხოველები იმდენად გამრავლდნენ, რომ ტყიდან გამოდიან და „მაროდიორობენ“ – სოფლებში ქათმებს იტაცებენ, ძაღლებს თავს ესხმიან და კბენენ.

ვიქტორ ჩერვონი, უკრაინის მონადირეთა ასოციაციის პრეზიდენტი, თვლის, რომ მელიებზე ნადირობის აკრძალვამ მათი რაოდენობა ერთ წელიწადში 200 ათასამდე გაზარდა და ახლა, სავარაუდოდ, 500 ათასამდე იქნება მომატებული. ადრე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები ტყეებში ჰაერიდან იყრებოდა ხოლმე, მაგრამ ომის დროს უკვე ამის შესაძლებლობა შემცირდა. შესაბამისად, ადამიანებისათვის საშიში გახდა ცოფიანი მელიები და გაველურებული ძაღლები. ბოლო დროს ცოფით დაავადებამ მკვეთრად იმატა ადამიანებშიც (თითქმის 40%-ით), რომლებიც მელიებისა და ძაღლების მიერ იქნენ დაკბენილნი.

რაც შეეხება მგლებს და ენოტისებრ ძაღლებს, მათი რაოდენობაც სწრაფად მატულობს. ტყეებში გარეული ღორების (ტახების) რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, ღორების აფრიკული ჭირის შემთხვევები გაახშირა. ამიტომაც ადგილობრივი დაავადებული ღორები იმ წუთშივე იქვე ნადგურდება, სადაც კი აღმოჩენილი იქნება. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ომით დანგრეულ სოფლებში, უპატრონოდ მიტოვებული და გაველურებული მშიერი ძაღლები ხროვებს ქმნიან და ისე ნადირობენ მელიებზე და ღორებზე, რომლებისგანაც ავადმყოფდებიან და სნეულებას ავრცელებენ.

წყარო