1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“ – The Wall Street Journal
„უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“ – The Wall Street Journal

„უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“ – The Wall Street Journal

710
0

„რადგანაც უცხოური დაფინანსება იწურება, უკრაინა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას: კიევი ცდილობს არ ჩაიძიროს და ამ მიზნით შიდა სესხებისა და ინვესტიციების „ხავსს ეჭიდება“, თუმცა მისი მცდელობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს“, – წერს ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ჩელსი დელონი, სათაურით „უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მართალია, ევროკავშირმა უკრაინას პირველ თებერვალს 50 მილიარდი ევრო გამოუყო, მაგრამ კიევი ამ ფულს ამჟამად სწრაფად და მთლიანად ვერ გამოიყენებს, რადგან თანხის ხარჯვა ოთხი წლის ვადით არის გათვალისწინებული. მაშ, რა ქნას უკრაინამ? მას დოლარები და ევროები ახლავე ჭირდება. როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, ამჟამად დარჩენილი მცირე რეზერვი მხოლოდ თებერვლის შუახანებამდე იქნება საკმარისი, შემდეგ კი იძულებულნი გახდებიან ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას.

ექსტრენული ზომები მოიცავს პენსიისა და ხელფასების, აგრეთვე სოციალური დახმარებების შეჩერებას, ხარჯების შემცირებას და გადასახადების ზრდას, მაგრამ ეს ნაბიჯები მხოლოდ ისეთი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები იქნება, რომლებიც მოსალოდნელ ფინანსურ კატაკლიზმს მხოლოდ ორიოდე თვით გადაავადებენ. უკრაინა ისედაც უმკაცრესი ეკონომიის რეჟიმში იმყოფება და პენსიებისა და ხელფასების დაგვიანებამ შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ერთადერთი სხვა ვარიანტი, რომელიც უკრაინის მთავრობას აქვს – ფულის ბეჭდვა წარმოადგენს. მაგრამ ასეთ მეთოდს, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „ფულის საბეჭდი დაზგის“ ამუშავებას, ადრე ბევრი ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფამდე მიუყვანია. არ არსებობს ისეთი განტოლება, რომლის ამოხსნა გიჩვენებს, თუ როდემდე რა რაოდენობით შეიძლება ფულის ბეჭდვის გაგრძელება. ქვეყნის ხელმძღვანელობა, უბრალოდ, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ იძულებული იქნება შეუჩერებლივ გააგრძელოს ფულის ნიშნების გამოშვება, სანამ ეკონომიკა არ დაეცემა.

ისეთი სიტუაციაა, რომ თუ უკრაინა დასავლეთისაგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს და თავის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს დასავლური ფულით ვერ შეავსებს, კიევისათვის ძალიან მძიმე იქნება რუსეთთან ომის გაგრძელება. საბოლოო ჯამში, უკრაინა წინააღმდეგობის გაწევისა და ომის გაგრძელების უნარს დაკარგავს. დასავლური დახმარება არ ამარტო ნაღდი ფულით დახმარებაში გამოიხატება, არამედ საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების რეზერვების შევსებაშიც, რომელიც ასევე შემცირებულია.

უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა აშშ-ის 60 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, მაგრამ, როგორც ცნობილია, კონგრესმა დახმარება არ დაამტკიცა და თუ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას სწრაფად არ მიიღებს, მაშინ საეჭვოა, რომ კანონპროექტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე – ნოემბრამდე შევიდეს ძალაში. გაუძლებს კიევი ნოემბრამდე?

მოკლედ, უკრაინას მიმდინარე წელს 30 მილიარდი დოლარი ჭირდება. ჯერ-ჯერობით კი, ამ ეტაპზე, მთლიანად გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ქვეყნის მთავრობა.

წყარო