1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა “შინმოუსვლელობის ბარათს” ნიშნავს”-The New York Times
“უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა “შინმოუსვლელობის ბარათს” ნიშნავს”-The New York Times

“უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა “შინმოუსვლელობის ბარათს” ნიშნავს”-The New York Times

367
0

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “უკრაინაში, სამხედრო გაწვევის გაფართოებასთან დაკავშირებით, მამაკაცები იმალებიან: ისინი შიშობენ, რომ ჯარში გაწვევა “შინმოუსვლელობის ბარათს” ნიშნავს” (ავტორი – კონსტანტინ მეჰუთი), რომელშიც უკრაინის არმიის ახალწვეულებით შევსების პრობლემებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

ვლადისლავმა ჯერ კიევის ცენტრში სიარული შეწყვიტა, რომ თავი აერიდებინა დოკუმენტების შემოწმებისათვის სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლებისაგან. შემდეგ მან შეწყვიტა ვარჯიში სპორტდარბაზში, რადგან შენობის ახლო-მახლო პატრულირება გახშირდა. ამჟამად ვლადისლავი ფაქტობრივად საცხოვრებელი ბინიდან არ გამოდის, ხშირად სარგებლობს ბინოკლით, რომ პოლიციელებს თვალი ადევნოს, თუ როგორ იჭერენ ისინი მეტროს სადგურთან ახალგაზრდა მამაკაცებს და ჯარში გაწვევის უწყებას აძლევენ.

„ისინი ყველგან არიან“, – ამბობს 45 წლის ვლადისლავი, რომელმაც, სხვა დამალული უკრაინელების მსგავსად, გვთხოვა, რომ მისი გვარი არ გამოვაქვეყნოთ, – ვცდილობ, რომ მათ ხელში არ ჩავვარდე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას შევძლებ“.

იმ დროს, როცა რუსეთის არმია ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადადის, უკრაინის არმიის სარდლობა აქტიურად ცდილობს როგორმე შეავსოს თავისი საკმაოდ შეთხელებული ძალები და ფართომასშტაბიან სამობილიზაციო კამპანიას ატარებს, ახლად მიღებული კანონების თანახმად.
მართალია, ბევრი უკრაინელი თანხმობას აცხადებს არმიაში სამსახურზე, მაგრამ ბევრიც გაწვევას თავს არიდებს. ჯერ კიდევ ბოლო მობილიზაციამდე ათასობით ახალგაზრდა მამაკაცმა საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა – ზოგმა უკრაინა-რუმინეთის სასაზღვრო მდინარე ტისა გადაცურა, ზოგმაც ყალბი დოკუმენტებით მოასწრო გასვლა. ახლა სამხედრო-გასაწვევი პუნქტების ოფიცრები ქალაქებში სიის მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ამოწმებენ და 25-დან 60 წლამდე მამაკაცებს ეძებენ – იმათ, რომლებიც ვლადისლავივით გაწვევას ემალებიან და არ სურთ ფრონტის ხაზზე წასვლა და „შინმოუსვლელის“ ბილეთის მიღება.

გაურკვეველია, რამდენი მამაკაცი ემალება ჯარში გაწვევას, მაგრამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, მათ შორის კიევში და ლვოვში, მათი რაოდენობა თითქმის ათობით ათასი შეიძლება იყოს. არმიაში სამსახურის თავის ამრიდებლების არგუმენტები თითქმის ერთნაირია: პირველი – შიში, რომ ისინი დაიღუპებიან, რადგან უკრაინის არმიის პოზიციები ყოველდღიურად საშინლად იბომბება, მეორე – ისინი ეწინააღმდეგებიან გაწვევის ისეთ ტაქტიკას, რომლის დროსაც საკმარისი სამხედრო მომზადება არ ხდება და ახალწვეულები პირდაპირ ფრონტის ხაზზე იგზავნებიან. „ეჭვი მეპარება, რომ მე ნორმალურად შემასწავლიან თანამედროვე ბრძოლის წესებს, შემდეგ კი ფრონტზე თავს მიკრავენ და უაზროდ დავიღუპები“, – ამბობს მიკიტა, 28 წლის ლვოველი დიზაინერი, დასავლეთ უკრაინიდან.

სხვათა შორის, ამგვარ თვალსაზრისს იზიარებს ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინის არმიის ჯარისკაცები საკმაოდ ხშირად კარგად არ არიან მომზადებულ-გაწვრთნილნი, რაც გავლენას ახდენს მათი ბრძოლის ხარისხზე, დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე და, საბოლოო ჯამში, მათივე სიცოცხლეზე (ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბრძოლო დანაკარგების რაოდენობაზე).

პოლკოვნიკი ვლადიმერ ნოვოსიადნი – ჩინოვნიკი, რომელიც არმიაში გაწვევაზეა პასუხისმგებელი კიევის მასშტაბით, ამბობს, რომ ჯარისკაცთა მომზადება ხშირ შემთხვევებში ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება. „არმია გაგებით და სამართლიანად ეკიდება მათ მდგომარეობას, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მტერი განუწყვეტლივ გვიტევს… ყოველმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს თვისი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების აუცილებლობა“, – ხაზს უსვამს პოლკოვნიკი.
რა თქმა უნდა, თავის დროზე ბევრი უკრაინელი მამაკაცი წავიდა ომში სინდისის კარნახით და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით, მაგრამ ასეთები რაოდენობა ამჟამად ძალიან მცირეა. გარდა ამისა, არმიაში პატრიოტული სამსახური კორუფციის ფაქტებით იჩრდილება. სამწუხაროდ, გახმაურებულმა დაჭერებმა მექრთამეობის საქმე ვერ გამოასწორა.

მობილიზაციის ახლი კანონის მიხედვით, გასაწვევი ასაკის მქონე ყველა მამაკაცი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში უნდა დარეგისტრირდნენ, მისამართის ჩვენებით, რომელთაგან ახალწვეულები იქნებიან შერჩეულნი. 16 ივლისიდან რეგისტრაციისაგან თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და მკაცრად ისჯება.

კიევის ეკონომიკური სკოლის სოციოლოგის ტიმოფეი ბრიკის თქმით, საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზოგადად უკრაინელთა მზადყოფნა სამშობლოს დასაცავად უცვლელი რჩება, მაგრამ ჯარში გაწვევის ფორმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და მტკივნეული უთანხმოება გამოიწვია (იგულისხმება ქუჩაში მოწყობილი რეიდები, დაჭერები და „ჩასაფრებები“)
ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი აღშფოთებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც ჯარში გაწვევას თავს არიდებს: ისინი თავიანთი ქცევით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დიდ ზიანს აყენებენ. ამჟამინდელი საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, არმია თავისი პირადი შემადგენლობის რეგულარული შევსების გარეშე ბრძოლას ვერ შეძლებს“, – ამბობს ერთ-ერთი ახალწვეული ჯარისკაცი, რომელმაც თავისი ვინაობა არ დაასახელა, – „ამ რეალობის უარყოფა, უბრალოდ, სისულელეა“.

ომის პირველი ორი წლის განმავლობაში უკრაინის არმიის სარდლობა თავს იკავებდა ფართომასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებაზე და იმედოვნებდნენ, რომ მოქალაქეთა პატრიოტული სულისკვეთება, როცა ათი ათასობით უკრაინელი მოხალისედ ეწერებოდა, კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდებოდა.

მაგრამ გასული წლის ზაფხულის ბოლოდან, როცა კონტრშეტევა ჩაიშალა და რუსეთმა ფრონტის ხაზზე კიევის პოზიციების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა დაიწყო, აშკარა გახდა, რომ უკრაინის არმიას უფრო მეტი რაოდენობის ჯარისკაცი ჭირდებოდა.

„სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი საგანგაშო სიგნალები“, – ამბობს ალექსანდრე, ჟურნალისტი, – ჩემი ბინის კარზე უცნობმა ადამიანებმა შეტყობინება მიაწებეს, რომ გასაწვევ პუნქტში მივსულიყავი. ცხადია, ვიცოდი, რომ ასეთ არაოფიციალურ შეტყობინებებს იურიდიული ძალა არ ჰქონდა, მაგრამ გაწვევის გამო შევშინდი და დეპრესიაში ჩავვარდი, მით უმეტეს, რომ მე თვითონ გავხდი მოწმე, თუ როგორ იჭერდნენ ქუჩაში ბიჭებს“.
ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი, არმიაში იძულებით წაყვანას რომ თავი აარიდოს, სამსახურში ტაქსით დადის. „მე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რომელი მიმართულებით და მარშრუტით შეიძლებოდა სამსახურში უსაფრთხოდ მივსულიყავი, სოციალურ ქსელებში ჩვენს მოსაზრებებს და მონაცემებს ერთმანეთს ვუზიარებთ“, – ამბობს ვლადიმერი. კიეველი ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთა რაოდენობა სოციალურ ქსელში 200 ათას მონაწილეს აღემატება, სარგებლობენ სხვადასხვა სიმბოლოებით, რომ ერთმანეთს „მზიანი“, მოღრუბლული“ და „შტორმული“ მდგომარეობა შეატყობინონ.

„მაგრამ ძალიან ხშირად უსაფრთხო მარშრუტები საფრთხიანი ხდება“, – ამბობს ალექსანდრე, – მთელი ღამეები არ მძინავს, მეშინია, რომ დამიჭერენ. სახლიდან აღარ გავდივარ და ვცდილობ, დისტანციურად ვიმუშაო“.
ვლადისლავმა, ნიკიტამ და ალექსანდრემ განაცხადეს, რომ მათ საკმაოდ მოზრდილი თანხა შესწირეს ოფიციალურად უკრაინის არმიას. მათ სურთ, რომ არმიაში გაწვევის მხრივ ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდეს, რომ ობიექტური იყოს სამედიცინო კომისიების მოქმედება, რომ წვრთნები ჩატარდეს ისე, როგორც ამას არსებული სტანდარტები მოითხოვს და ისე არ მოხდეს, რომ ახალწვეულს წინ გარდაუვალი სიკვდილი ელოდებოდეს.
ჯეკ უოტლინგის, ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტის თქმით, ბევრ უკრაინელ ჯარისკაცს ბედმა გაუღიმა, რომ მათ ხუთკვირიანი სამხედრო მომზადება მაინც გაიარეს (შედარებისათვის: მეორე მსოფლიო ომის წლებში დიდი ბრიტანეთის არმიაში ახალწვეული ქვეითების მომზადება 22 კვირის განმავლობაში ხდებოდა).

პოლკოვნიკი ვლადიმერ ნოვოსიადნი აღნიშნავს, რომ იმ ოფიცრებს, რომლებიც ჯარში გაწვევით საქმით არიან დაკავებულები, მოქალაქეები მტრულად ეკიდებიან: „ისინი თავიანთ სახელმწიფო მოვალეობებს ასრულებენ. ისინი მობილიზებას იმიტომ კი ახორციელებენ, რომ მათ ეს საქმე მოსწონთ, არამედ იმისთვის, რომ ჯარს შევსება ჭირდება“.

და მაინც, მოსახლეობა შეშფოთებით უყურებს იმას, რომ ხელისუფლება თავის სამობილიზაციო ძალისხმევას აფართოებს, მათ შორის, აძლიერებს სასაზღვრო პატრულირებას იმ მოქალაქეების დასაკავებლად, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს.

ანდრეიმ, კიდევ ერთმა ლვოველმა დიზაინერმა, თავის თავს „პარანოიკი“ უწოდა. იგი მთელი დღეების განმავლობაში ბინიდან პრაქტიკულად არ გადის და მეგობრის იმედზეა, რომელსაც საჭმელი მიაქვს. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა მას გარეთ გასვლა უწევს, მაჯაზე ელექტრონულ ბრასლეტს იკეთებს, რომელიც, წითელ ღილაკზე თითის დაჭერის დროს ნათესავებს და მეგობრებს მისი მფლობელის ადგილმდებარეობას ატყობინებს.

ანდრეის განმარტებით, თუ მას დააკავებენ, წითელი ღილაკით მისი მეგობრები და ახლობლები შეიტყობენ, თუ სამხედრო ბეგარის (გამწვევი) რომელ პუნქტში მიჰყავთ და, შესაბამისად, დახმარებას შეეცდებიან.

ალექსანდრე, რომელიც მონაცემების დამუშავების სპეციალისტია, აცხადებს, რომ კანონის დარღვევა არ უნდა და ამიტომ მოთმენით ელოდება სამედიცინო შემოწმებას. იგი იმედოვნებს, რომ სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად (უვარგისად) ჩათვლიან, სუსტი ფიზიკური აღნაგობის გამო. მაგრამ, მისი თქმით, სამედიცინო კომისიის ასეთი გადაწყვეტილება „ლატარიას ჰგავს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: