უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს – რას წერს „ეკონომისტი“
ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინას მხოლოდ ერთი თვე აქვს, რომ დეფოლტი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებული კიევის საგარეო ვალების მომსახურების მდგომარეობა. „საომარ სიტუაციაში მყოფი უკრაინის ფინანსური მდგომარეობა უმძიმესია“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთთან ომი უკრაინის ეკონომიკას უმძიმეს ზარალს აყენებს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) თითქმის ოთხჯერ შემცირდა. ცენტრალური ბანკი მწირ სავალუტო რეზერვებს „წვავს“, , ხოლო რუსეთის ამასწინანდელმა მასიურმა საჰაერო შეტევებმა უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე სამომავლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაურკვეველი გახადა. „ძლიერი არმია ძლიერ ეკონომიკას ეყრდნობა“, – განაცხადა 17 ივნისს ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ, თუმცა ამ მხრივ უკრაინაში მკვეთრი დისპროპორცია აღინიშნება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაგვიანებული გადაწყვეტილებით უკრაინისათვის 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტის თაობაზე, იარაღის ფული კიევს ჯერ-ჯერობით აქვს. თუ ამას დავუმატებთ დასავლეთში დარჩენილი რუსული აქტივების პროცენტებით სარგებლობას (ევროკომისიის გადაწყვეტილებით), მაშინ უკრაინას თავის გატანა მეტ-ნაკლებად შეუძლია. პრობლემა იმაშია, რომ რომ უკრაინას საბოლოო ჯამში მაინც ფინანსური კრიზისი ემუქრება, თანაც ძალიან მალე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის კრედიტორები დათანხმდნენ იმაზე, რომ კიევმა ვალების მომსახურება (გადახდები) შეაჩეროს. ეს ერთგვარი „სულის მოთქმა“ – როგორც დასავლეთის მთავრობების, ასევე კერძო კრედიტორების მხრიდან – წელიწადში მთლიანი მშპ-ის 15%-ს შეადგენს. გადახდები რომ არ შეჩერებულიყო, მაშინ ვალების მომსახურების ხარჯები ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში მოცულობით მეორე ადგილზე იქნებოდა – თავდაცვის ხარჯების შემდეგ. მაგრამ ფინანსური საფრთხე ახლოვდება: მორატორიუმის ვადა, განსაკუთრებით ფრანგული Amundi-სა და ამერიკული Pimco-ს მხრიდან, პირველ აგვისტოს იწურება.
ამრიგად, უკრაინას ერთი თვეა აქვს დარჩენილი დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაინტერესებულია, რომ სერგეი მარჩენკომ მოლაპარაკება დაიწყოს ვალის ჩამოწერაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თუ უკრაინა თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს, მაშინ ეს იქნება ძალიან საგანგაშო ნიშანი და ინვესტორები დასავლეთის დაპირება-ვალდებულებებში ეჭვს შეიტანენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დეფოლტი ქვეყნის აღდგენისათვის კატასტროფის მომასწავებელი გახდება.
ვალების რესტრუქტურიზაცია (გადახდის ვადების ცვლილება) გაგანია ომის პირობებში ძალიან იშვიათობაა. საერთოდ, ქვეყნები რესტრუქტურიზაციაზე მხოლოდ იმიტომ მიდიან, რომ ფინანსურ ბაზრებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, ამისათვის კი მათი ვალები მართვადი უნდა იყოს, ანუ სახელმწიფო ვალების მომსახურებას განუწყვეტლივ უნდა აქცევდეს სათანადო ყურადღებას. მცირე ვალების სწრაფი რესტრუქტურიზების განხორციელება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, უფრო დიდი ვალების – რთული: კრედიტორები, დიდ თანხებთან დაკავშირებით, პრეტენზიებს ყოველთვის გამოძებნიან. რადგანაც უკრაინას ფინანსურ ბაზრებთან, ომის გამო, ურთიერთობა არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ სწრაფი რესტრუქტურიზება საჭირო არ არის. ივლისში ფინანსთა მინისტრმა კრედიტორებს ისეთი გარიგება შესთავაზა, რომლის თანახმად, ვალების მომსახურების თანხები 60%-ით უნდა შემცირდეს, მაგრამ კრედიტორებმა გულგრილად უპასუხეს, რომ შემცირება მხოლოდ 22%-ით შეიძლებაო.
უკრაინას ჰაერივით სჭირდება ფინანსური საშუალებები. ამ წლის დასასრულისათვის საგარეო ვალებისა და მშპ-ის შეფარდება 94%-ს მიუახლოვდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ისეთი ეკონომიკისათვის, რომელსაც რთული ფინანსური ისტორია აქვს.
იმ თანხების მოცულობა, რასაც მოკავშირეები უკრაინას აძლევენ, შთამბეჭდავია, მაგრამ საბოლოო ჯამში, კიევისათვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ უკრაინაში იარაღის (არტილერიის ტანკების, და სხვა საბრძოლო მასალების) სახით ჩადის და არა ნაღდი კუპიურების სახით.. აშშ-ის ამასწინანდელი 60-მილიარდიანი დახმარების პაკეტიდან მხოლოდ 8 მილიარდი ნაღდი თანხა გადაეცა უკრაინის მთავრობას.
მართალია, ჩამოსაწერი (და სარესტრუქტურიზაციო) ვალის მოცულობა (მშპ-ის 60%), საკმაოდ მოკრძალებულია – 12 მილიარდი დოლარი – მაგრამ უკრაინისათვის მაინც მნიშვნელოვანია. თუ კრედიტორები საბოლოოდ უარს იტყვიან გარიგებაზე, ქვეყანა, რომელიც ისედაც ძლივს ახერხებს ფულის დაზოგვა-განაწილებას სხვადასხვა დარგებისათვის, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.
გარიგების დადების გარეშე უკრაინას ორი ვარიანტი რჩება: პირველი – დაიწყოს მოლაპარაკებები ვალების მომსახურებაზე მორატორიუმის გასაგრძელებლად, რომ გადახდა 2027 წლისათვის მაინც გადაიტანოს. მეორე – გამოაცხადოს დეფოლტი. ეს შეიძლება რადიკალურ გადაწყვეტილებად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, პირველთან შედარებით, რაიმე დიდი განსხვავება არ არის.
კერძო სექტორის ინვესტორი ყოველთვის იმაზე ფიქრობს (განსაკუთრებით საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ), თუ რას მოიგებს. რა თქმა უნდა, უკრაინის ფინანსური სანდოობის საკითხში ბევრი რამ დასავლეთის სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. დასავლელ გადასახადის გადამხდელს შეიძლება კითხვა გაუჩნდეს – როდემდე უნდა იყრებოდეს თანხები უკრაინის უძირო ორმოში?
როგორც ჩანს, ნოემბერში თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, სიტუაცია უკრაინის დაფინანსების საკითხში გაუარესდება – რესპუბლიკელი ლიდერი სკეპტიკურად არის განწყობილი. ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილნი უკრაინული ობლიგაციების დასავლელი მფლობელებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მართალია, მოკავშირეებისა და სავალუტო ფონდის მტკიცებით, რესტრუქტურიზება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს ფინანსურ ბაზრებს დაუბრუნდეს, როგორც კი ომი დამთავრდება და მოკავშირეებიც ვალებს შემდეგ ჩამოაწერენ, ინვესტორები დარწმუნებულნი არ არიან.
უკრაინის აღდგენის ძირითადი კომპონენტია საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამოქალაქო საცხოვრებელი ფონდის აღდგენა, სპეციალისტების სწავლება – პრინციპში, ეს ყველაფერი კერძო ინვესტორებისათვის მომგებიანი არ იქნება, ამიტომ მთელი სიმძიმე მოკავშირეებს დააწვებათ. ამჟამინდელი შესაძლო ჩიხი საგანგაშო პერსპექტივას ბადებს: კიევის მომხრე სახელმწიფოებსა და უცხოელ კერძო ინვესტორებს შორის გაჩენილი უნდობლობა ყოველგვარ პროგრესს დაამუხრუჭებს. მინისტრმა სერგეი მარჩენკომ სწორად გააკეთა, როცა კომერციულ კრედიტორებს გაახსენა, რომ „ქვეყნის არმია მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, თუ მისი მხარდამჭერი ეკონომიკაც ძლიერია“. ამასთან, მინისტრს შეეძლო იმავენაირად კიდევ ერთი, მაგრამ შებრუნებული სახის გამონათქვამი გაეხსენებინა: „ქვეყნის ეკონომიკა იმდენად არის ძლიერი, რამდენად ძლიერია მისი არმია, რომელიც ქვეყნის არსებობის გარანტს წარმოადგენს“.