1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time
“უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time

“უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time

93
0

ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-ში (Time) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის საიმონ შუსტერის სტატია სათაურით: „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“, რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი, კერძოდ, დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებთან.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეშფოთებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არცერთი ხალხისთვის არ არის ფსონები ისეთი მაღალი, როგორც უკრაინელებისათვის: კიევს ვაშინგტონის იმედი აქვს, უკრაინელებისათვის რუსეთთან ომის ბედი ამერიკაში წყდება. უკრაინის ლიდერები თვეობით იბრძვიან პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის გულის მოსაგებად. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელ ვიზიტს აშშ-ში, გაეროს სესიის ფონზე, მის შეხვედრებს აშშ-ის მმართველი წრეების წარმომადგენლებთან, ხელი შეუწყო სამღვდელოებამ, მილიარდერებმა, მაღალი ანაზღაურების მქონე ლობისტებმა და თვით დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც ბორის ჯონსონმა…

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პერიპეტიებით ჩანს, მის გარემოცვას მოლოდინები გაუცრუვდა. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის აღიარებით, „უკვე მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.

ჩვენთვის ყველა შემთხვევაში სიტუაცია მძიმე იქნება“. მისი აზრით, კამალა ჰარისის გამარჯვებით ჯო ბაიდენის კურსი გაგრძელდება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები რუსეთის მიმართ ძალზე ფრთხილს და გაუბედავს უწოდებენ. დონალდ ტრამპის გამარჯვება კი უკრაინელებისთვის დიდ რისკებსაც ნიშნავს და გარკვეულ შესაძლებლობებსაც.

„არის გარკვეული იმედები დონალდ ტრამპის მიმართ“, – ამბობს უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი „თაიმთან“ საუბრის დროს (მან ანონიმად დარჩენა ისურვა საკითხის დელიკატურობის გამო), – რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ვცდებით და ბოლომდე არ ვიცით მისი ჭეშმარიტი პოზიცია… შეიძლება მას დასავლელი მოკავშირეების პოზიციის დასუსტება სურს… მაგრამ აშკარაა, რომ ეს ომის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. კამალა ჰარისი ომის შემჩერებელი ადამიანის როლისთვის ნამდვილად არ გამოდგება. თეორიულად დონალდ ტრამპს მართლად შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“.
არადა, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ყოფნის დროსაც კი, თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს, დასცინის, პოლიტიკურ „ვაჭრუკანას“ უწოდებს… მისი ასეთი ქცევა უკრაინელებს აკვირვებს: სულ ორიოდე თვის წინათ ამერიკელმა ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინას. „აბა, მაშ როდის ამბობს დონალდ ტრამპი სიმართლეს?, – ასეთი კითხვა დასვა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, – ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს აუცილებლად შეხვდება (უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება – რედ.) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბული კამპანიის გათვალისწინებით, უკრაინელებისათვის ორივე კანდიდატთან და მათი გარემოცვის წევრებთან კონტაქტები აუცილებელია – როგორც დემოკრატებთან, ასევე რესპუბლიკელებთანაც.
ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ცდილობს რა დონალდ ტრამპი უკრაინით დააინტერესოს, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულზე, რესურსების სიმდიდრეზე, რომელიც შეიძლება ამერიკამ დაამუშაოს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ჩრდილოეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემი აღნიშნავს, უკრაინას ტრილიონობით დოლარის ბუნებრივი სიმდიდრე აქვს, რომლის გამოყენება ამერიკელებისთვისაც კარგი იქნება და უკრაინელებისთვისაც. ეს მან რამდენიმე თვის წინ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. თავის მხრივ, პრეზიდენტი სენატორის ნათქვამს ღიმილით შეხვდა, თავი აარიდა აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებზე საუბარს და დასძინა, რომ უკრაინა მოსკოვთან ომით არამარტო თვითონ იცავს თავს, არამედ დასავლეთსაც იცავს და ეს გარემოება ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

აშშ-ში ვიზიტის დროს, ორიოდე დღის წინათ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჭურვების დამამზადებელი სამხედრო ქარხანა დაათვალიერა ქალაქ სკრენტონში, პენსილვანიის შტატში. ერთი შეხედვით, თითქოსდა ამ ფაქტში ცუდი არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ… ეს ის ქალაქია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაიბადა და გაიზარდა. ანუ გამოდის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უპირატესობას დემოკრატებს აძლევს?

შედეგმაც არ დააყოვნა: დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკას მოუმატა და სწორედ ქარხნის მონახულების შემდეგ უწოდა მას „მსოფლიოს უდიდესი ვაჭრუკანა“. „როგორც ჩანს, ტრამპს ეწყინა. ალბათ, ჩვენც შევცდით, სამხედრო ქარხნები სხვა ქალაქებშიც ბევრია და მაინცდამაინც ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქი არ ამოგვერჩია“, – აღიარა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

მოკლედ, აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მნიშვნელობა უკრაინისთვის ძალიან დიდი და საბედისწერო მნიშვნელობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტს განზრახული აქვს თავისი „გამარჯვების გეგმის“ მიმართ ამერიკელებში მხარდაჭერა მოიპოვოს. იგი უკვე შეხვდა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს, მაგრამ ახლა მატავარია, როგორ დასრულდება მისი სეხვედრა „მტრულად განწყობილ მეგობართან“ – დონალდ ტრამპთან, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.

წყარო: