“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ადგილზე გაკრულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია” – მერია
თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოქვეყნებულ პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს.
„ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე პლაკატების განთავსება – გინდ პოლიტიკური და გინდ არაპოლიტიკური შინაარსის, თუ არის ის უნებართვო, რა თქმა უნდა, არის სამართალდარღვევა. აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას დაწყებული აქვს მოკვლევა და მივყვებით პროცესს. მუნიციპალიტეტს აღნიშნულ საკითხზე ნებართვა არ გაუცია. სანქციები გახლავთ შემდეგი: გააჩნია ზონას 200 ლარიდან 1000 ლარამდე არის ჯარიმა. მოკვლევა ჩატარდება და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული იქნება შესაბამისი სანქციები”, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური შინაარსის პლაკატები, რომელიც ქალაქში გამოჩნდა, მათ შორის “ქართული ოცნების” მხრიდანაც გაკრული იყო და სანქციები მათაც ეკისრებათ, თუ მათ ნებართვა აღებული ჰქონდათ, რაზეც დედაქალაქის მერის მოადგილე ამბობს, რომ “როგორც გითხარით, ნებართვა არცერთ პლაკატზე გაცემული არ არის მუნიციპალიტეტის მხრიდან. დანარჩენზე მოკვლევა მიმდინარეობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ”.