“თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს”-უცხოური პრესა
712
0
თურქული გაზეთი „ევრენსელი“ (Evrensel) ბეჭდავს სტატიას სათაურით: “თურქეთის განაცხადი BRICS-ის წევრად მიღებაზე: რუსეთს სურს ჩინეთი თურქეთით დააბალანსოს” (ავტორი – ქიუბრა ქირიმლი), რომელშიც თურქეთის საგარეო პოლიტიკური საკითხებია განხილული, კერძოდ, ანკარის სურვილი გლობალურ ანტიდასავლურ ბლოკში – BRICS-ში წევრად მიღებაზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას თურქი ექსპერტების თვალსაზრისის შესახებ:
თურქეთის განაცხადმა BRICS-ის წევრად მიღების თაობაზე (BRICS//„ბრიკსი“//“ბრიჩი“ – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, პლუს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, არაბული საემიროები და ა.შ.) ქვეყანაში დიდი კამათი გამოიწვია. რამდენად მიზანშეწონილია ანკარის სურვილი „ბრიჩის“ წევრობაზე მაშინ, როცა ქვეყანა ნატოს წევრია? რა პერსპექტივას უქმნის თურქეთს იმ ორგანიზაციის წევრობა, სადაც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი დომინირებენ?
„ევრენსელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოცენტი ჯერენ ერგენჩი ასეთ კომენტარს აკეთებს: „რუსეთი, რომლის საჭიროება ჩინეთის მიმართ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული დიპლომატიური იზოლაციით გაიზარდა, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ პეკინის გავლენა როგორმე გაანეიტრალოს თურქეთისა და სხვა ქვეყნების წევრად მიღებით. კრემლს არ სურს, რომ „ბრიჩი“ ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ორგანიზაციად გადაიქცეს“. სხვათა შორის, ეს ეხება აგრეთვე „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასაც“.
„ორ ცხენზე ერთად ჯდომა შეუძლებელია“
თურქეთის სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი სტამბოლიდან და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი ნამიკ ტანი ნეგატიურ განწყობას გამოხატავს იმის გამო, რომ თურქეთის განაცხადის არსებობა პირველად რუსეთისგან გახდა ცნობილი და არა ანკარის მხრიდან – ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან. აკრიტიკებდა რა თურქეთის განაცხადს BRICS-ში გაწევრების თაობაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ნამიკ ტანმა აღნიშნა: „ორ ცხენზე ჯდომა ერთდროულად შეუძლებელია“.
გავიხსენოთ ის ინციდენტი, როცა თურქეთმა რუსეთისაგან სარაკეტო კომპლექსის С-400-ის ყიდვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ავიაგამანადგურებლის F-35-ის პროექტიდან ამოგვაგდო. ჩვენ იმ დროს ნატოს თითქმის ყველა წევრი აგვიმხედრდა… ახლა წარმოიდგინეთ, თუ რა დაყოვნებული ბომბის ეფექტს გამოიწვევს ჩვენი წევრობა BRICS-ში. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ანკარის მიერ გადადგმული ნაბიჯი დიპლომატიურ უგუნურებას წარმოადგენს, დიპლომატიური თვითმკვლელობის მცდელობას“.
„BRICS-ის წევრობას ალტერნატივა არ აქვს“
BRICS-ის ირგვლივ დაწყებული დისკუსიის კომენტირებისას, დოქტორი ჯერენ ერგენჩი აღნიშნავს, რომ თურქეთის განაცხადი არ უნდა იქნას განხილული როგორც დასავლეთთან კავშირის გაწვეტა. „ამ დროს სიფრთხილე უნდა დავიცვათ და შეფასებებში არ უნდა გადავაჭარბოთ. „ბრიჩი“ არ არის ის სტრუქტურა, რომელიც ალტერნატიულია დასავლური გაერთიანებების მიმართ. თურქეთის წევრობას მასში მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ექნება.
ბევრს კითხვა უჩნდება – რით არის გამოწვეული თურქეთის სურვილი? იმით, რომ BRICS-ის წევრები უკვე გახდნენ თურქეთის მეზობლები, ბევრი მათგანი კი მსგავს სურვილს ამჟღავნებს. რეჯეფ ერდოღანის პოზიტიური დამოკიდებულება BRICS-ის მიმართ გამოწვეულია რეგიონში ბალანსის არსებობის სურვილით და არა საგარეო პოლიტიკის მაკროცვლილებებით.
„კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთი“, – ხაზს უსვამს ჯერენ ერგენჩი, – კრემლს უკრაინის ომის გამო ჩინეთთან ურთიერთობა სურს, მაგრამ არ უნდა პეკინის გავლენის გადაჭარბებული ზრდა. მოსკოვი წინააღმდეგია იმისა, რომ „ბრიჩი“ ჩინეთმა გააკონტროლოს. ამიტომ რუსეთისათვის აუცილებელია ჩინეთის გავლენის დასაბალანსებლად ორგანიზაციაში თურქეთის სახით მომხრე ჰყავდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ჩინეთს ბოლო დრომდე თურქეთის BRICS-ში მიღება არ სურდა, სანამ პეკინში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი არ ჩავიდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ვიზიტის შემდეგაც კი თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადებისაგან ჩინეთი მაინც თავს იკავებს“.
როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში თურქეთის, როგორც ნატოს წევრი ერთადერთი ქვეყნის BRICS-ში მიღება საკმაო პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა, თუ რუსეთი შეეცდება და თავის ჯერ კიდევ არსებულ გავლენას გამოიყენებს, ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.
მოამზადა სიმონ კილაძემ