
“თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს: რა იქნება შემდეგ? გერმანელი ექსპერტის სცენარი”-Deutsche Welle
ბერლინში ცოტა ხნის წინათ გამოიცა გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი გერმანელი სამხედრო ექსპერტის კარლო მასალას წიგნი -„თუ რუსეთი გაიმარჯვებს…“. რა მოხდება, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს? რამდენად დიდია ახალი ომის საფრთხე ნატოს წინააღმდეგ? – აი, კითხვები, რომლის პასუხებსაც მკითხველი წიგნში წაიკითხავს.
გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს ინტერვიუს პროფესორ კარლო მასალასთან სათაურით:„თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს: რა იქნება შემდეგ? გერმანელი ექსპერტის სცენარი“ (ესაუბრება ჟურნალისტი რომან გონჩარენკო).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– თქვენს წიგნში გადმოცემულია სცენარი, რომელშიც უკრაინა იძულებულია კაპიტულაცია გამოაცხადოს, თანაც ქვეყანა თავისი ტერიტორიის 20%-ს კარგავს. თქვენ ასევე წერთ, რომ თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, მაშინ რუსეთი ომში გამარჯვებული იქნება. გამოდის, რომ რუსეთმა ფაქტობრივად უკვე გაიმარჯვა?
– დიახ, ასეთ შემთხვევაში რუსეთი გამარჯვებული იქნებოდა. ამიტომაც, თუ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც ახლა ოკუპირებული აქვს, ეს უკვე რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს. კითხვა იმაზე, მიაღწია თუ არა რუსეთმა თავის სამხედრო მიზნებს თუ არა, მეორადია – იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტა, ზავი და სხვა მსგავსი მოქმედებები, რუსეთისათვის მხოლოდ ტერიტორიული მონაპოვრის განმტკიცებას ემსახურება.
– ანუ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკვე შეუძლია თქვას: „კარგი, მოდით დავამთავროთ ომი“. რამდენად არის ეს შესაძლებელი?
– ამჟამად ეს ნაკლებსავარაუდოა – იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო ფართო და პერსპექტიული, შორს მიმავალი მიზნები აქვს. მას სურს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობა და უკრაინის ხელისუფლების შეცვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლს სურს ისეთი სიტუაცია იყოს უკრაინაში, რომლის დროსაც ახალი არჩევნები ჩატარდება და მთავრობა პრორუსული იქნება. მაგრამ მას კიდევ აქვს ისეთი მიზნები, რომლებიც უკრაინის ფარგლებს სცილდება…
– მოდით, ამ მხრივ თქვენს წიგნში მოცემულ სცენარს მივყვეთ: უკრაინამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე კონსტიტუციური ვალდებულება ნეიტრალიტეტის დაცვის თაობაზე, უკრაინა არ უნდა გახდეს ნატოს წევრი. სამშვიდობო ძალები, რომლებიც ევროპელი და ჩინელი ჯარისკაცებისაგან არის შედგენილი, თვალს ადევნებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ არ ერევიან სიტუაციაში, თუ რეჟიმს რომელიმე მხარე დაარღვევს. მსოფლიო ბანკი აფინანსებს აღდგენით სამუშაოებს არამარტო უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელიც კიევის კონტროლქვეშ იქნება, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. უკრაინის ეკონომიკა სუსტია, მოსახლეობის განწყობა – უღიმღამო და გულგატეხილი… შესაბამისად, ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკური ძალები მოდიან. იბადება კითხვა: თუ ასე მოხდება, მაშინ რა პერსპექტივა ექნება უკრაინის ევროპულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას? თუ უკრაინის მთავრობა პრორუსული იქნება, მაშინ ევროკავშირი, აშშ-ის მსგავსად, უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს?
– არა, მე ასე არ ვფიქრობ. მე ჩემს წიგნში უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე განგებ არ ვწერ – იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივია. ჩემი სცენარის მიხედვით მოვლენები ხდება 2028 წელს. მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი უარს იტყვის ზოგიერთი იმ კრიტერიუმის გამოყენებაზე უკრაინის მიმართ, რომლებსაც კანდიდატი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, უკრაინას მოკლე დროში წევრად მაინც არ მიიღებენ და რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირიდან საკმაოდ შორეულ დისტანციაზე იქნება. პირდაპირ გეტყვით: უკრაინა თუნდაც ევროკავშირის წევრი გახდეს, ეს ფაქტი – უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით – რუსეთს მაინც ვერ შეაკავებს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში თავის წევრების მიმართ კოლექტიური დახმარების პუნქტი აქვს ჩაწერილი, ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებს – მას არ აქვს მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განმხორციელებელი სტრუქტურები. მხოლოდ ევროკავშირი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ისეთ მოვლენას, როგორიც, მაგალითად, ბირთვული სახელმწიფოს მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი იქნება ევროკავშირის რომელიმე წევრის წინააღმდეგ. ევროკავშირს ამისათვის არც არმია ჰუავს და არც ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს. სხვათა შორის, ნატოს ძლიერებას 40-დან 70%-მდე ამერიკელები უზრუნველყოფენ.
– თქვენს წიგნში ჩანს, დარწმუნებული არ ხართ, გააგრძელებს თუ არა ევროკავშირი უკრაინისადმი დახმარებას, როგორც ბრიუსელი დღემდე აკეთებდა. თქვენი ლოგიკის თანახმად, დახმარების შეჩერება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებში სხვა პარტიები მოვლენ. თქვენ წერთ, რომ 2027 წელს საფრანგეთის ხელისუფლებაში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანება“ გაბატონდება, ყოფილი „ეროვნული ფრონტი“ და ქვეყნის პრეზიდენტიც შეიძლება ამ პარტიიდან იყოს. შესაბამისად, საფრანგეთი და შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც, უკრაინისადმი დახმარების გაწევას დაბლოკავენ. ასეა?
– დიახ, ჩემი ვარაუდით, თუ ცეცხლი შეწყდება და რუსეთი „კარგად მოიქცევა“, ანუ ტაქტიკურად მშვიდობიანად იმოქმედებს, ანუ არ გამოაჩენს რაიმე ნიშნებს უკრაინაზე (და, სამომავლოდ, იქ განლაგებულ ევროპულ სამხედრო ძალებზე) თავდასხმის მიზნით უახლოესი ორი წელიწადის განმავლობაში, მაშინ ევროპაში ძალიან მალე დაიწყება დისკუსია – ღირს თუ არა დახმარების გაწევა? აზრი აქვს თუ არა დიდი ფულის ხარჯვას? იმიტომ, რომ მართლაც დიდი თანხები იხარჯება, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვა მიზნებისთვისაც სჭირდებათ: სოციალური პროგრამების დაფინანსებაში, საკუთარი ეკონომიკის აღმავლობისათვის და ა.შ. ჩემი ვარაუდით, თუ უკრაინა ომს წააგებს, მაშინ პოპულისტური და ექსტრემისტული პარტიები დაიწყებენ ლაპარაკს იმაზე, რომ თუ წასაგები იყო ომი, უმჯობესი იყო ეს სამი წლის წინ მომხდარიყო. ვიმეორებ, ასეთი ლაპარაკი აუცილებლად დაიწყება და მოსახლეობაც, თავის მხრივ, შეეცდება არჩევნებში თავისი ხმა მსგავს პარტიებს მისცეს.
– თქვენ თქვით, რომ, ალბათ, რუსეთი „კარგად მოიქცევა“ და უკრაინას თავს არ დაესხმებაო. მაგრამ რატომ გგონიათ, რომ არ დაესხმება, განა მოსკოვი პირობას დაიცავს?
– საკითხი ასე დგას – რამდენად სწრაფად აღადგენს რუსეთი თავის არმიას ხელახლა თავდასხმისათვის. ჯარების ძლიერების აღდგენას განმეორებითი შეჭრისათვის დრო ჭირდება. მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ მეორე მხარეც მოემზადება. შესაძლოა პროცესი 6 თვე, ან ერთი წელი გაგრძელდეს, თუმცა ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ დისკუსია დაიწყოს და ორივე მხარეს მშვიდობის სურვილმა იმძლავროს.
(…)
– დავუბრუნდეთ ჩვენ საწყის ჰიპოთეზას: უკრაინა ომს აგებს, მაგრამ რამდენად შეუძლია კიევს ომის მოგება? რა შეიძლება ამისთვის გაკეთდეს? გჯერათ თქვენ, რომ აშშ და რუსეთი წარმატებით დაასრულებენ მოლაპარაკებას და დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება?
– მე ამ მოლაპარაკებიდან ბევრს არაფერს ველოდები. იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ყველაფერზე დათანხმდება, რასაც რუსები ითხოვენ, საბოლოოდ მათი მოლაპარაკების შედეგი უკრაინამ უნდა მიიღოს… მაგრამ მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების გარეშე უკრაინა ხელშეკრულების პირობებს არ დათანხმდება: „ჩემზე ჩემს გარეშე“? ასე რომ, გადამწყვეტი მომენტი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ევროპელები ამერიკელების ჩანაცვლებას. თუ შეძლებენ, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს. საბოლოო ჯამში, საკითხი ეხება რუსების სამხედრო ლოგიკის ცვლილებას – მათ ახლა ჰგონიათ, რომ ისინი უფრო მეტად ომის გაგრძელებით მოიგებენ, ვიდრე ომის შეწყვეტით. სინამდვილეში რუსეთის სამხედრო მანქანის მექანიზმი „ცვდება“ და კრემლს ომის უსასრულოდ გაგრძელება ასეთი ინტენსიურობით და ასეთი დანაკარგებით არ შეუძლია“.
მოამზადა სიმონ კილაძემ