1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო”- მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი
“თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო”- მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი

“თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ პასუხი ვაგო”- მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი

414
0

სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ, ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გიგა გიგაშვილი, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად პოლიციის განყოფილებაში 2 დღის განმავლობაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იკითხებოდა.

კითხვაზე, რას შეიძლება გულისხმობდეს “გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის განცხადება, რომ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს, გიგა გიგაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან ეს შეიძლება ერთი ადამიანის პირადი მოსაზრება და ვერსიაა.

„მე პირადად სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის.

ლაშა ფურცხვანიძის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს შეიძლება თავად იმ ადამიანის პირადი მოსაზრება და ვერსიაა. მე არც მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ველოდებით გამოძიებას და ექსპერტიზას, თუ რას დაადგენს გამომწვევ მიზეზად. დღეს მათ შორის ჩემთვის არსებული ინფორმაციით და როდესაც ხელი მოვაწერე მიღება-ჩაბარების აქტს, იმ ინფორმაციით დგინდებოდა და პრაქტიკაშიც ეს გატესტილი იყო, რომ ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაოები იყო შესრულებული პროექტის შესაბამისად, არ ჰქონდა არანაირი ხარვეზი არც ფუნქციონირებაში, შესაბამისად, ვარაუდიც კი არ არსებობდა, რომ ამ ობიექტს რამე პრობლემა ჰქონდა. როგორც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე აღნიშნული შადრევნის და კასკადის ჩართვა მოხდა სატესტო რეჟიმში და გაიტესტა გამართულად ფუნქციონირებდა თუ არა, ისე იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ვინაიდან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ, როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ვალდებულებას ვაკისრებთ მიმწოდებელს, რომ ნებისმიერი ნაკლოვანება ან წუნი, რომელიც შეიძლება ობიექტზე ნებისმიერ მასალას ჰქონდეს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და ორწლიანი გარანტიაა ამასთან დაკავშირებით. ის არის პასუხისმგებელი, რომ ნებისმიერ წუნსა და ნაკლოვანებაზე აგოს პასუხი. შესაბამისად, შადრევანი და კასკადი რეგულარულად პერიოდულად მოწმდებოდა და მიმდინარეობდა მასზე დაკვირვება, გამართულად მუშაობდა თუ არა – არც ერთ დღეს, არც ერთ ეტაპზე, არც შადრევანს და არც კასკადს არანაირი პრობლემა არ ჰქონია ექსპლუატაციის ნაწილში.

ყველა დოკუმენტაცია რომელიც უშუალოდ ამ ტენდერს ეხება არის საჯარო, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს დოკუმენტაცია ამოიღოს და გაეცნოს. ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სამუშაოები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ობიექტის მთლიანი ან ეტაპობრივი მიღება-ჩაბარება. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი დღეის მდგომარეობით უკვე 7 ეტაპი გვაქვს გავლილი, 6 ეტაპი დამოწმებულია და მიღება-ჩაბარება გაფორმებულია, მეშვიდე აქტი, რომელიც შემოსულია, ჯერ არ არის გავლილი და მიმდინარეობს ამის გავლა და ეს საქმეც დადასტურდება თუ შესაბამისობაში იქნება. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების ყველა აქტი, რომელიც წარმოდგენლია მერიაში, არის ექსპერტიზა გავლილი შესაბამისი აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ, ტექნკური ზედამხედველობა გაწეული აქვს ლაბორატორიის მიერ, შესაბამისად, ყველა ის აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო მიღება-ჩაბარების გასაფორმებლად, ეს დოკუმენტაცია არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თუ დაექსპერტებულ დოკუმენტებს შემოიტან და ექსპერტი დაადასტურებს სამუშაოს სწორად შესრულებას, ამ დოკუმენტაციას ვიღებთ“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეასრულა სამუშაოები კომპანიამ, რომელიც „შავ სიაში“ იყო მოხვედრილი, მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ესეც შესაბამისი კანონმდებლობით იყო მოწესრიგებული.

„ნებისმიერი კომპანია შეიძლება იყოს „შავ სიაში“ რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ, ეს კომპანია აღარ არის „შავ სიაში“ და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობა“,- განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვნიძის და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის გამოკითხვა წუხელ დასრულდა. დღეს კი ლაშა ფურცხვანიძე გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.