
თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ? – თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე
თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი,“ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება უარყო.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს.
“არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.
მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და განაცხადა, რომ მისი კოალიცია არ აპირებს შეწყალების განცხადებით მიმართოს “არალეგიტიმურ პრეზიდენტს” და დასძინა, რომ მას მიუთითებენ “გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”. მან მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას უწოდა “სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით” და განაცხადა, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” “ვაჭრობაში არ შედის რუსულ რეჟიმთან”.
ამასთან, კუპრაძემ დასძინა, რომ საპატიმროს წესებისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მისი განცხადება არ არის შეთანხმებული პატიმრობაში მყოფ ლიდერებთან, თუმცა სწამს, რომ “ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია”.
“არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”,- განაცხადა კუპრაძემ.