1. Home
  2. TOP სიახლე
  3. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს იწყება
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს იწყება

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია აპრილის ბოლოს იწყება

185
0

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძის თქმით, გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია-განახლებაც.

 

„გაცნობებთ, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაცია. აკაკი წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, გამზირზე მოეწყობა გარეგანათების ახალი სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, გაკეთდება საფეხმავლო კუნძულები, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ავტობუსის ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28 408 291 ლარით დაფინანსდება

. აკაკი წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, ვიწყებთ შოთა შალიკაშვილის სახელობის ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც. აღნიშნული ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარეგანათების სისტემა. აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაცია არსებული იერსახის შეუცვლელად მოხდება და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 242 372 ლარი დაიხარჯება. აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.