1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება” – მაკა ბოჭორიშვილი
“წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება” – მაკა ბოჭორიშვილი

“წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება” – მაკა ბოჭორიშვილი

74
0

ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები – რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია. როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, როგორც უვიზო რეჟმის მიცემა, ისე გაუქმება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა წევრი სახელმწიფოების თანხმობის გარეშე.

„უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად და ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის სწორედ ჩვენი საქმიანობის საფუძველზე მიღწეული ის შედეგი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება გაუქმებას – როგორც უვიზო რეჟიმის მიცემაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ასევე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე ამის გაკეთება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც და განაცხადა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით ეს საფუძვლები არ არსებობს, „შესაბამისად, არ არის პანიკის და აჟიოტაჟის საფუძველი“.

„რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, რაზეც დღეს დაიწყეს საუბარი, შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და დღეს არის შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ემსახურება ერთ მიზანს, რომ მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და ზოგადად, მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს და ამის არც პანიკის და იმ აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს, რა აჟიოტაჟიც არის ატეხილი. ეს არის ძალიან კარგად გაწერილი პროცესი, თუკი ასეთი საფრთხის ქვეშ დგას რომელიმე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომ მას საფრთხე ექმნება მიგრაციული ნაკადებისგან ან რეადმისიის შეთანხმების არშესრულებისგან, მათ აქვთ უფლება, ევროკომისიას მიმართონ და ევროკომისიამ დაიწყოს მსგავსი პროცედურა, თუმცა, ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. ასევე, ჩვენ ევროკომისიასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოს არ შეჰქმნოდა თუნდაც ამ წლების განმავლობაში რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.