წაჩხურობა – ტაძარი მარტვილში, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება.
წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელიც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა.
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის.
ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.
რას ამბობს ლეგენდა უძველეს სალოცავზე
“ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.