1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას “გაანადგურებს”, თუ ზავზე “ახლავე”არ დათანხმდება”-The Sun
“ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას “გაანადგურებს”, თუ ზავზე “ახლავე”არ დათანხმდება”-The Sun

“ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას “გაანადგურებს”, თუ ზავზე “ახლავე”არ დათანხმდება”-The Sun

214
0

„ტრამპმა ზელენსკი გააფრთხილა, რომ პუტინი უკრაინას „გაანადგურებს“, თუ ზავზე „ახლავე“ არ დათანხმდება“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ The Sun-ში გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ნიკოლ შერო), რომელშიც გამჟღავნებულია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის კონფიდენციალური დეტალები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ისევ შეხლა-შემოხლა მოუვიდათ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დაბეჯითებით მოსთხოვა უკრაინის ლიდერს დაეთანხმოს რუსეთის მიერ წაყენებულ პირობებს მშვიდობის მიღწევისათვის. როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, პრეზიდენტების ამჟამინდელი დაპირისპირება მაყურებელს თებერვლის დუელს მოაგონებდა, როცა დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობის გამო „დააცხრა“.

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ფრთოსანი რაკეტების – „ტომაჰავკების“ – მიღების იმედით ჩავიდა, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს რუსეთს დარტყმები მიაყენოს მისივე ტერიტორიის სიღრმეში. მან ტრამპს სანაცვლოდ „ათასობით დრონი“ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ რაკეტების გადაცემა საომარი სიტუაციის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს. შეხვედრა იმდენად დაძაბული ყოფილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ფრონტის ხაზის რუკები მაგიდაზე დაუყრია და უკრაინელი ლიდერი მკაცრად გაუფრთხილებია; „პუტინი გაგანადგურებთ“. ტრამპს ასევე უთქვამს ზელენსკისათვის, რომ უკრაინამ მთელი დონბასი მოსკოვს უნდა ჩააბაროს და უნდა დათანხმდეს კრემლის პირობებს სისხლიანი სასაკლაოს დასრულებისათვის. ვოლოდიმირ ზელენსკის კი ასეთი პასუხი გაუცია ტრამპისათვის: „პუტინს მშვიდობა არ სურს, ამიტომ მასზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს“.

ზოგიერთები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დონალდ ტრამპი მზად იყო უკრაინისათვის „ტომაჰავკები“ მიეცა, მაგრამ ეჭვი შეეპარა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკისთან შეხვედრის წინ. ბუნებრივია, საზოგადოებისა და მასმედიის წინაშე დონალდ ტრამპმა შეხვედრას „პროდუქტიული“ უწოდა, მაგრამ იქვე ისევ მიანიშნა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბუდაპეშტში შეხვედრის დროს გადაწყდება.

შორის მოქმედების რაკეტებს „ტომაჰავკებს“ ფრენა 2500 კილომეტრზე შეუძლიათ, მათი საბრძოლო ქობინა (მუხტი) წონით ნახევარი ტონაა და, ზოგიერთი სამხედრო ექსპერტთა აზრით, საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შეტანა შეუძლიათ – რუსეთის სამხედრო ქარხნებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების განადგურებით… თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ტომაჰავკების“ გამშვები დანადგარების სახმელეთო ვარიანტი, ანუ ისეთი, რომლის მიღება სურს უკრაინას, პენტაგონს ძალიან ცოტა აქვს.

უკანასკნელად აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს ალასკაში გამართულ სენსაციურ სამიტზე შეხვდა. მათი საუბრის შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ პუტინი ზელენსკის პირისპირ შეხვდებოდა ან ორმხრივ, ან სამმხრივ სამიტზე, მაგრამ კრემლის ბინადარმა უარი განაცხადა.
აშკარაა, რომ სამშვიდობო გეგმის რეალიზების პროცესი ჭიანურდება, პუტინი კი უფრო აძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შეუძლია, მაგრამ მისი სტრატეგიის დამუხრუჭება სულ უფრო შესამჩნევი ხდება. მოიტანს თუ არა შედეგს ბუდაპეშტის სამიტი? არავინ იცის. თუმცა მაინც შეხვედრა სჯობს არშეხვედრას.

წყარო: