
ტრამპი, პუტინზე ზეწოლისას, თვლის, რომ ომის ესკალაციით მის დეესკალაციას მოახდენს – The Washington Post
„დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისას, თვლის, რომ ომის ესკალაციით მის დეესკალაციას მოახდენს“ – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ იგნატიუსი, ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველი. „აშშ-ის პრეზიდენტი მიხვდა, რომ რუსეთი მანამ არ დათანხმდება სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე, სანამ კრემლის სამხედრო ხარჯები საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად კატასტროფულად არ გაიზრდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
როცა ორშაბათს დონალდ ტრამპის განცხადებას ვუსმენდი რუსეთის მიმართ მიდგომების გამკაცრების თაობაზე, ვიჯექი და ვფიქრობდი – აქვს თუ არა მას რაღაც იდუმალი კავშირი ალფრედ ნობელთან – მშვიდობის პრემიის დამაარსებელთან – რომლის მინიჭებასაც პრეზიდენტი ესოდენ დაბეჯითებით ცდილობს. საქმე იმაშია, რომ ორივეს – დონალდ ტრამპსაც და ალფრედ ნობელსაც – აფეთქებებისაკენ სწრაფვა აქვთ.
ტრამპი ამას ხატოვნად აკეთებს – იგი სარგებლობს დამანგრეველი ბიზნეს-ტაქტიკით, რომელიც მან თეთრ სახლში მიიტანა და ამგვარი მოქმედებით ცდილობს უკრაინის კონფლიქტი ჩიხიდან გამოიყვანოს. ალფრედ ნობელს რაც შეეხება, ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია – მისი ქველმოქმედება და მეცენატობა, პირდაპირი გაგებით, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე იყო დაფუძნებული: ფული დინამიტის გამოგონებითა და გაყიდვით დააგროვა.
თავდაპირველად დონალდ ტრამპი ფიქრობდა, რომ თავისი მეგობრის ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არ დაჭირდებოდა. როგორც მან თვითონ თქვა ორშაბათს, „მე ოთხჯერ მაინც მომეჩვენა, რომ ჩვენ თითქმის მოვილაპარაკეთ“, მაგრამ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი მიხვდა, რომ ერთადერთი მეთოდი რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის მისაღწევად არის ის, რომ ომის გასაგრძელებლად მას მეტი თანხების დახარჯვა დაჭირდეს. ამ გადაწყვეტილებით დონალდ ტრამპმა ახალი თავი გახსნა უკრაინის ისტორიაში, რომელიც ერთდროულად იმედის მომცემიც არის და საფრთხის მომტანიც.
ორშაბათს დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მკაცრ სავაჭრო ტარიფებს“ შემოიღებს, თუ 50 დღის განმავლობაში კრემლი ზავის დადებაზე არ დათანხმდება. მან ასევე აღუთქვა უკრაინას, რომ მისცემს „პეტრიოტის“ რაკეტებს, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, მაგრამ არაპირდაპირი გზით: ჯერ ნატოს ევროპელ წევრებს მიაწოდებს, ისინი ფულს გადაუხდიან ამერიკას და შემდეგ იარაღს უკრაინას გაუგზავნიან. „სამხედრო დახმარების პაკეტი 10 მილიარდი დოლარისაა“, – შემატყობინა ერთ-ერთმა წყარომ თეთრი სახლიდან. ეს სულის მოთქმის საშუალებას მისცემს უკრაინას რუსეთის დაბომბვებისაგან – ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქებზე თითქმის განუწყვეტლივ ხდება თავდასხმები რეკორდული რაოდენობის რუსული დრონებისა და რაკეტების მიერ.
დონალდ ტრამპს არაფერი უტქვამს იმის თაობაზე, რომ უკრაინას შეუძლია ნებართვა მიიღო ბევრად ძლიერი იარაღის გამოყენების თაობაზეც. წყარომ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა, მითხრა, რომ კიევს ნებართვა მიეცემა ისარგებლოს ATACMS-ის ტიპის შედარებით შორ მანძილზე (300 კმ.) მოქმედი 18 რაკეტით, რომლებიც უკრაინის არმიას აქვს. რა თქმა უნდა, მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე ისინი ვერ მიფრინდებიან, მაგრამ შეუძლიათ ფრონტის ხაზიდან დაშორებით მდებარე სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს, საწყობებს დაარტყან და ხელი შეუშალონ რუსეთის არმიის მომარაგებას. არ არის გამორიცხული, რომ პაკეტში ATACMS-ის უფრო მეტი რაოდენობის რაკეტები შევიდეს.
პენტაგონელი ჩინოვნიკები თვეობით მოუწოდებდნენ თეთრ სახლს, რომ ნება მიეცა უკრაინის არმიისათვის რუსეთის ზურგის ობიექტებზე ATACMS-ის რაკეტებით დაერტყა. ყოველთვის, როცა მათი მოქმედების რადიუსი იზრდებოდა, რუსეთის არმია იძულებული ხდებოდა ფრონტის ხაზიდან სულ უფრო შორს გადაეტანა თავისი თვითმფრინავები და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომ ისინი უკრაინელების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ. ახლა ამის გაკეთება უფრო რთული იქნება.
დონალდ ტრამპი, ალბათ, ასევე დაფიქრდა უკრაინისათვის ფრთოსანი რაკეტების – „ტომაჰავკების“ მიწოდების თაობაზეც, რომლებიც აშშ-მა გასულ თვეში ირანის წინააღმდეგ გამოიყენა. უკრაინის ტერიტორიიდან მათ მოსკოვამდე და სანქტ-პტერბურგამდე მიღწევა შეუძლიათ. როგორც მითხრეს, ეს საკითხი გასულ პარასკევს იხილებოდა, მაგრამ „ტომაჰავკები“ პაკეტში არ შეუტანიათ. თუმცა შეიძლება უფრო მოგვიანებით შეიტანონ, როცა დონალდ ტრამპს ზეწოლის ახალი ბერკეტები დაჭირდება.
ერთ-ერთმა წყარომ მაცნობა, რომ დონალდ ტრამპმა მკაცრი გადაწყვეტილება საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტთან ტელეფონით საუბრის დროს მიიღო: ტრამპმა მას ჰკითხა, თუ რატომ არ ბომბავს მოსკოვს. „ჩვენ არ გვეშინია, იარაღს თუ მოგვცემთ, მოსკოვსაც დავარტყამთ და სანქტ-პეტერბურგსაც“, – უთქვამს ზელენსკის. ტრამპი დათანხმებულა.
ტრამპი პუტინს ხისტად ეთამაშება. იგი ძალიან არის გაბრაზებული. რუსეთის პრეზიდენტი კერკეტი კაკალი გამოდგა. ვლადიმერ პუტინი არც ისეთი კეთილია, როგორც უყვარს ხოლმე თქმა აშშ-ის პრეზიდენტს. „მკვლელს ვერ ვუწოდებ, მაგრამ აშკარაა, რომ იგი ძალიან სასტიკი ადამიანია“, – ხაზგასმულად თქვა დონალდ ტრამპმა ნატოს გენმდივან მარკ რიუტესთან საუბრის დროს.
საქმეში ჩახედული წყაროს თქმით, დონალდ ტრამპმა სიტუაციის ესკალაცია სამი მიზეზის გამო გადაწყვიტა: პირველი – მან დაინახა, რომ პუტინმა მის მიმართ უპატივცემლობა გამოიჩინა, როცა თითქოსდა სიტყვით მზადყოფნა გამოავლინა მშვიდობის დამყარებაზე, საქმით კი უარყო მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტაზე. მეორე – დონალდ ტრამპმა თავისი თვალით დაინახა აშშ-ის არმიის ძლიერება, რაც ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაში გამოიხატა და მესამე – ტრამპმა ჩათვალა, რომ პუტინი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა იგი თავისზე ძლიერი ძალის წინაშე აღმოჩნდება. როგორც რუსები ამბობენ ხოლმე, „სოლს სოლითვე ამოაგდებ“, ანუ „ესკალაცია დეესკალაციისათვის“.
კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპმა გონივრული არჩევანი გააკეთა, როცა აღიარა, რომ ზეწოლის გაძლიერების გარეშე ვლადიმერ პუტინი დათმობაზე არ წავა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პრეზიდენტი ისეთი ესკალაციის გზაზე დადგა, რომელიც გაურკვეველ რისკებს შეიცავს. საინტერესოა, რომ ერთადერთი კითხვა, რომელზეც ტრამპმა პასუხის გაცემა არ ისურვა ორშაბათს ოვალური კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს, ასეთი იყო: „თუ ვლადიმერ პუტინი უკან არ დაიხევს და ისიც სიტუაციის გამწვავებაზე წავა, თქვენ რამდენად ღრმა პასუხს გასცემთ?“.
„ნუ მეკითხებით, რამდენად ღრმა იქნება ჩემი პასუხი… – მოჭრა ტრამპმა, – მე უბრალოდ მინდა, რომ კონფლიქტი დასრულდეს“.
თუ დონალდ ტრამპის ახალი ზეწოლა იმუშავებს, მან შეიძლება მართლაც მიიღოს ნობელის პრემია… მაგრამ ეს გზა დინამიტით იქნება მოფენილი.
მოამზადა სიმონ კილაძემ