“ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს” -BBC
“ტრამპი ომის დროს თავისი გუმანითა და ინსტინქტებით ხელმძღვანელობს” – ასეთი სათაური აქვს ცნობილი ჟურნალისტისა და სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველის ჯერემი ბოუენის სტატიას, რომელიც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ავტორის მტკიცებით, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი შესაბამისი მომზადებისა და დაგეგმვის გარეშე დაიწყეს, რომლის შედეგები მათთვის საზიანო იქნება.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ზოგიერთი ძველი ჭეშმარიტება იმაზე, თუ როგორ ხდება ომების წარმართვა – მათი დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება – უკვე ერთი თვეა თავს ახსენებს დონალდ ტრამპს, რომელმაც ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად აშშ-ისა და ისრაელის თვითმფრინავები ირანის დასაბომბად გაგზავნა.
წარსულის გაკვეთილების გაცნობიერება-ათვისების უუნარობა იმას ნიშნავს, რომ ახლა დონალდ ტრამპი მკაცრი არჩევანის წინაშე დგას: თუ იგი ირანთან მოლაპარაკებას ვერ შეძლებს, მას მხოლოდ ისღა რჩება, რომ გამარჯვება გამოაცხადოს (რომელიც ვერავის ვერ დაარწმუნებს), ან ომის ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღოს..
მას შემდეგ, რაც ისრაელისა და აშშ-ის საავიაციო და სარაკეტო შეტევების შედეგად ირანის რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა, დიდი მოლოდინების მიუხედავად, ირანის მმართველმა რეჟიმმა არც კაპიტულაცია არ გამოაცხადა და არც ქვეყნის ხელისუფლება არ ჩამოიშალა.
ამ ფონზე დონალდ ტრამპის მოქმედება ისეთი ადამიანის ქცევას ჰგავს, რომელიც მკაფიო გეგმის გარეშე მოქმედებს. იგი უფრო მეტად ემყარება თავის ინტუიციას, ვიდრე ანალიტიკურ მასალებს და სტრატეგიულ რეკომენდაციებს, რომლებსაც სხვა პრეზიდენტების წარსულში ყურადღებით სწავლობდნენ.
ომის დაწყებიდან 13-ე დღეს დონალდ ტრამპს ჰკითხეს, ომი როდის დამთავრდებაო. „ომი მალე დამთავრდება. ეს მოხდება იმ დროს, როცა შინაგანად, გუმანით ვიგრძნობ, რომ დასრულების დრო დადგა“, – ასეთი იყო პრეზიდენტის პასუხი.
დონალდ ტრამპი ეყრდნობა თავის მრჩევლების ვიწრო წრეს, რომელთა მთავარი ამოცანაა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მათი შესრულება უზრუნველყონ. როგორც ჩანს, პრეზიდენტისათვის სიმართლის თქმა მათ მოვალეობებში არ შედის.
დონალდ ტრამპი ეყრდნობა თავის ინსტინქტს და გუმანს და არა ღრმად შემუშავებულ გეგმებს (რომლებიც, დიდი ალბათობით, არ არსებობენ). ეს გარემოება ძალიან ამცირებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძლიერებასა და მოქმედების ეფექტს.
დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ფსონი დადეს აქტიურ და ძლიერ დაბომბვებზე, რომლის შედეგად მათ ქვეყნის ხელმძღვანელები, თავიანთ მრჩევლებიან-ოჯახებიანად პრაქტიკულად გაანადგურეს. აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი იმედოვნებდნენ, რომ გამარჯვებას სწრაფად მიაღწევდნენ. მათ ირანის მოსახლეობას ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ – აჯანყებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდეს, მაგრამ ირანელები მათ მოწოდებას არ გამოეხმაურნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ კარგად ახსოვთ, რაც განიცადეს იანვარ-თებერვალში, როცა მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ახლა მით უმეტეს, მათ კარგად იციან, რომ საომარი მდგომარეობის დროს ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციის ჩატარება მომიტინგეების დაუნდობლად ადგილზე განადგურებას ნიშნავს.
ახლა, ალბათ, დონალდ ტრამპი ხვდება ბოლოსდაბოლოს, თუ რატომ იკავებდნენ მისი წინამორბედები თავს და ირანის წინააღმდეგ ომს არ იწყებდნენ.
ირანის რეჟიმი აშშ-ისა და ისრაელისთვის მედგარ, ხისტ და კარგად ორგანიზებულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. რეჟიმი 1979 წლის რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა და ერაყთან 8-წლიან ომში გამოიწრთო. რეჟიმი ეყრდნობა ინსტიტუტებს და არა ცალკეულ პიროვნებებს. რეჟიმი გამტკიცებულია რელიგიური რწმენითა და მოწამეობრივი სიკვდილის იდეოლოგიით. ეს ნიშნავს, რომ ლიდერების სიკვდილი მართალია ქვეყანაში გარკვეულ დესტაბილიზაციას იწვევს, მაგრამ რეჟიმისათვის სასიკვდილო განაჩენს არ წარმოადგენს. ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის სტრატეგიულ გეგმაში ომის დროს ირანელების მასობრივი დაღუპვა მისაღებ ფასს წარმოადგენს ქვეყნის მმართველი რეჟიმის გადარჩენისათვის.
ირანის რეჟიმი ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ მას არ აქვს აშშ-ისრაელის ტოლფასი არც შეიარაღება და არც თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები, მაგრამ ირანი ასევე ითვალისწინებდა ომის თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსების – კარლ კლაუზევიცის, ჰელმუტ ფონ მოლტკეს და დუაიტ ეიზენჰაუერის – რეკომენდაციებს, რომ ომსა და თავდაცვას კარგი და ღრმა დაგეგმვა ჭირდება. თეირანი სწორედ ამას აკეთებდა: რეჟიმს დაგეგმილი ჰქონდა საკადრო ჩანაცვლება, ომის გეოგრაფიის გაფართოება და მისი გადატანა მეზობლებზე. რეჟიმი ისე ქმნიდა თავის ინსტიტუტებს, რომ მათ ცენტრისგან დამოუკიდებლად, წინასწარ შემუშავებული გეგმის საფუძველზე, ადგილობრივი სიტუაციის გათვალისწინებით შეეძლოთ თავიანთი ფუნქციების შესრულება. რეჟიმს დაგეგმილი ჰქონდა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით სარგებლობა.
მართლაც, ირანის დაღუპული ლიდერების ადგილზე ახლები ინიშნებიან და მოქმედებენ. მართლაც, ირანელები თავიანთი დრონებით და რაკეტებით მისწვდნენ როგორც ისრაელს, ისე უშუალო არაბ მეზობლებს, რომელთა ტერიტორიებზე აშშ-ის სამხედრო ბაზები არიან განლაგებულნი. მართლაც, ირანის რეჟიმმა ისარგებლა ქვეყნის მდებარეობით და მსოფლიოს ერთ-ერთი მთვარი სატრანსპორტო (საზღვაო) გზა ჩაკეტა. ირანი ახდენს იმის ნათელ დემონსტრაციას, რომ გეოგრაფიული ფაქტორი – ჰორმუზის ვიწრო სრუტე – უფრო მეტად ეფექტიანი იყოს მუქარა-საფრთხეების გასანეიტრალებლად, ვიდრე სამხედრო კავშირების სისტემა („ჰამასი“-„ჰეზბოლა-„ხუსიტები“), რომელსაც დიდი ხარჯები ჭირდება. ირანს წარმატებით შეუძლია სრუტის გაკონტროლება იმ იაფფასიანი დრონებით, რომლებიც ქვეყნის მთიანი რაიონებიდან, მიწისქვეშეთიდან გამოდიან და სრუტისაკენ მიფრინავენ.
მოკავშირეები შეიძლება განადგურდნენ, როგორც ეს „ჰამასს“ და ნაწილობრივ „ჰეზბოლას“ მოუვიდა, მაგრამ გეოგრაფიული ფაქტორი უცვლელი რჩება: აშშ და ისრაელი იძულებულნი არიან აღიარონ, რომ მათ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მოუხერხეს სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის ირანულ მთიან ნაპირებს, რომლის მეშვეობით თეირანი საზღვაო აკვატორიას აკონტროლებს.
როგორც ნატოს გაერთიანებული ძალების მთავარსარდლის ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა რიჩარდ შირეფმა განაცხადა BBC-ის ეთერში, ირანის წინააღმდეგ მიმართულ ომის ნებისმიერ სცენარში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აუცილებლად ისარგებლებდა ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის შესაძლებლობით.
ეს ყველაფერი ისევ გვაბრუნებს ომის დაგეგმვის აუცილებლობისაკენ – როგორ უნდა დაიწყო ომი, როგორ უნდა წარმართო, დაამთავრო და რა უნდა გააკეთო შემდეგ. დონალდ ტრამპს და მის უახლოეს გარემოცვას, რომლებსაც სწრაფი და იოლი გამარჯვების იმედი ჰქონდათ, როგორც ჩანს, ომის ღრმა დაგეგმვაზე არ უზრუნიათ [სპარსეთის ყურე მათ კარიბის ზღვა ეგონათ].
ირანის წინააღმდეგ ომში გეოგრაფიული სტრატეგიული ფაქტორის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს მსოფლიოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო-სატრანსპორტო მარშრუტი გადის – ინდოეთის ოკეანიდან წითელი ზღვისა და სუეცის არხის გავლით. აი, აქ, წითელი ზღვის შესასვლელში ბაბ-ელ-მანდების ვიწრო სრუტეა (26 კმ.), რომლის გაკონტროლება ირანის მოკავშირეებს – იემენელ ხუსიტებს შეუძლიათ და თუ ისინი ამას მოახერხებენ, საუდის არაბეთი თავისი ნავთობის ექსპორტის მეორე მარშრუტსაც დაკარგავს.
როგორც ჩანს, ომი თანდათან ემსგავსება იმ კლასიკურ მაგალითს, როცა უფრო სუსტ მხარეს შეუძლია უფრო ძლიერს დაუპირისპირდეს და საკმაოდ წარმატებით. კონფლიქტის ასეთ სახეს სტრატეგები „ასიმეტრიულ ომს“ უწოდებენ. ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და შეიძლება ნაადრევი იყოს ამ ომის იმ ომებთან შედარება, რომლებსაც აშშ წარსულში აწარმოებდა – მაგალითად, ვიეტნამში, ერაყში და ავღანეთში, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მრავალწლიანი სისხლისმღვრელი დაპირისპირების შემდეგ ისინი ისეთი ფინალით დასრულდნენ, რაც აშშ-სათვის დამარცხებას ნიშნავს.
დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს სამომავლო გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება მათი სერიოზული შეცდომა. ჯერ-ჯერობით ფარული მოლაპარაკება, ტრამპის თქმით, თითქოს მიმდინარეობს, მაგრამ შედეგები არ ჩანს: ირანი ოფიციალურად უარყოფს მტერთან რაიმე დათმობებს.
ომი თავის კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება: თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, დონალდ ტრამპს სამოქმედოდ ძალიან ცოტა ვარიანტი რჩება. მას შეუძლია გამარჯვება გამოაცხადოს და თქვას, რომ ომს წყვეტს, რადგან ირანის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი განადგურებულია, ანუ მისია შესრულებულია. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტის გახსნას, იგი იტყვის ალბათ, რომ ამაზე პასუხისმგებელი არ არის. რა მოჰყვება ასეთ ნაბიჯს, გასაგებია – შეიძლება ფინანსური ბაზრები ჩამოიქცეს და აშშ-ის მოკავშირეებში დიდი შეშფოთება გამოიწვიოს.
რა მოხდება, თუ აშშ სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებს? ვთქვათ, მთლიანად ირანის წინააღმდეგ კი არა, არამედ მისი რომელიმე ნაწილის – სავარაუდოდ, კუნძულ ხარკის მიმართ, სადაც ირანის მთავარი ნავთობტერმინალია განლაგებული. ამერიკული დესანტის გადასხმა ირანს შეიძლება აწყობდეს კიდეც – თეირანი ცდილობს აშშ გაჭიანურებულ ომში ჩაითრიოს, რომლის კატასტროფული ეკონომიკური შედეგების გამო მთელი მსოფლიო სწორედ ვაშინგტონს დაადანაშაულებს. თეირანში ფიქრობენ, რომ ირანი გამოფიტვის ომს გადაიტანს, ის მიჩვეულია, ამერიკა კი ვერ შეძლებს.
ირანთან ომში დონალდ ტრამპმა თავისი ძალების ზღვარი იგრძნო. იგი, ალბათ, მიხვდა, რომ ირანის რეჟიმს თავისი წარმოდგენა აქვს გამარჯვებასა და დამარცხებაზე. ირანელი აიათოლებისა და გუშაგებისათვის მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან ომში გაძლებისა და ამტანობის გამოხატვა უკვე გამარჯვებას ნიშნავს.
რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო სერიოზული ხდება მისი უარყოფითი გავლენა რეგიონზე და მსოფლიოზე. International Crisis Group-დან ირანის საკითხებში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის ალი ვაეზის თქმით, მსოფლიო კატასტროფას უახლოვდება.
1956 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, ისრაელთან ერთად, ეგვიპტის წინააღმდეგ ომის დაიწყეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამალ აბდელ ნასერმა სუეცის არხის – მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სატრასპორტო არტერიის – ნაციონალიზაცია მოახდინა, ანუ ისეთისა, როგორიც დღეს ჰორმუზის სრუტეა. მათ ყველა სამხედრო მიზანს მიაღწიეს, მაგრამ საბოლოოდ ომმა ისეთი კატასტროფული პოლიტიკური შედეგი გამოიღო, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ამ ქვეყნების ადგილზე გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში. სწორედ სუეცის კრიზისის შედეგად ჩაესვენა დიდი ბრიტანეთის იმპერიული ბატონობის მზე ახლო აღმოსავლეთში.
როცა დაიწერება აშშ-სა და ჩინეთის მეტოქეობის ისტორია მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის სტატუსისათვის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ ცუდად დაწყებული ომი შეიძლება აშშ-ის დაცემისათვის ათვლის წერტილი გახდეს – იმის მსგავსად, რაც სუეცის არხი გახდა დიდი ბრიტანეთისათვის.