ტრამპი და პუტინი შეხვედრისთვის ემზადებიან – მოლაპარაკებების გამართვა საუდის არაბეთში იგეგმება
ტრამპი და პუტინი შეხვედრისთვის ემზადებიან, მოლაპარაკებები, “როიტერის” ინფორმაციით, საუდის არაბეთში გაიმართება. საერთაშორისო სააგენტოს ორმა სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამზადისი დაწყებულია. ცნობილია ისიც, რომ კრემლის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა როგორც საუდის არაბეთში, ასევე შეერთებულ შტატებში. ამ ინფორმაციას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის თანახმადაც ის კიევთან და მოსკოვთან კონფლიქტის დასრულებისთვის დიალოგის პირობებს ათანხმებს.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მომხრეა. ვაშინგტონის პოზიცია კიტ კელოგმა გაახმოვანა. უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა “როიტერთან” ინტერვიუში განმარტა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას შეძლებს. “როიტერის” ცნობით, უკრაინაში არჩევნების ჩატარება ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელსაც ტრამპის გარემოცვა უკრაინაში ომის დასრულების გეგმის კონტექსტში განიხილავს.
კიტ კელოგის განცხადებას უპასუხა ოფიციალურმა კიევმა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ თუ ტრამპის წარმომადგენლის წინადადება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, ვაშინგტონის ეს გეგმა წარუმატებელი იქნება. დიმიტრო ლიტვინის თქმით, პუტინს ეს არ შეაშინებს და უკრაინაზე თავდასხმას გააგრძელებს.
საკითხს ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი. განცხადება კრემლის პრესსპიკერმა გააკეთა – დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი და მას შესაძლო მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პირობები უკრაინის პრეზიდენტმა “ასოშიეითედ პრესთან” ინტერვიუს მსვლელობისას დაასახელა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მათგან თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმას ელოდება. აქვე, განმარტავს, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე, ომის დასრულების მოლაპარაკებების წარმოება ძალიან სახიფათოა. ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ამერიკულ სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამოყოფილი 177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებიდან უკრაინამ მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო, დანარჩენი ფულის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტს ინფორმაცია არ აქვს.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას თავი შეიკავა ეპასუხა შეკითხვაზე – ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, თუმცა დაადასტურა, რომ საკითხზე, კომუნიკაციას აწარმოებს. მისივე თქმით, უკვე დაგეგმილია მხარეებთან შეხვედრებიც.