
თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები – სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს – დაკავებულია ოთხი პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა. ა. და წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1981 წელს დაბადებული ბ.მ.
„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.