1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს” – რას წერს გერმანული ჟურნალი
“თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს” – რას წერს გერმანული ჟურნალი

“თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს” – რას წერს გერმანული ჟურნალი

235
0

გერმანულ ყოველკვირეულ ბიზნეს-ჟურნალ „ვირტჩაფტ ვოშეს“ (Wirtschafts Woche – „ეკონომიკური კვირა“, გამოდის 1926 წლიდან დიუსელდორფში) 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“ (ავტორი – ანჟელიკა მელხერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროიდან საქართველოში – სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოში – ეკონომიკური ბუმი მიმდინარეობს, რომელიც ქვეყანაში ათობით ათასი რუსეთის მოქალაქის ჩასვლას უკავშირდება.

ივან სოკოლოვი (გვარი შეცვლილია, რომ რუსეთში დარჩენილი მისი ოჯახის წევრები არ დაზარალდნენ) თბილისის კაფეში მეპატიჟება, რომლის შესასვლელში დიდი ასოებით აწერია – „რუსეთი ოკუპანტია“. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგებია კაფეს მფლობელის პოზიცია. ქართველების გულის სიღრმეში ჯერ კიდევ არ გამქრალა 15 წლის წინანდელი ტკივილი, რომელიც მათ რუსეთმა მიაყენა – ისეთი, რაც ახლა უკრაინაში ხდება.
რუსი მიგრანტები საქართველოში.

ივან სოკოლოვი ერთ-ერთია რუსეთის იმ ათასობით მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოში ბოლო 15 თვის განმავლობაში გაიქცნენ – როგორც უკრაინასთან ომის დაწყების, ასევე ე.წ. „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების დროს.

ომი, სანქციები, თავისუფლების შეზღუდვის შიში – ეს ყველაფერი ახალგაზრდა რუსებს აიძულებთ თავიანთი სახლი დატოვონ და თავშესაფარი სხვა ქვეყნებში ეძებონ. ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან ომის დაწყებით, სამშობლოდან გაქცევას, უპირველეს ყოვლისა, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდებს აიძულებს. ისინი მიდიან აგრეთვე ყაზახეთში, უზბეკეთში, სომხეთში, თურქეთში და ევროპის ქვეყნებში.

რუსეთის მიგრანტ მოქალაქეთა უმრავლესობას, ანუ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ, უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული და ინტელექტუალებს წარმოადგენენ, მათგან 60% საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორშია დაკავებული და დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას. მათი საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 2600 დოლარს შეადგენს. შედარებისათვის: ქართველების ხელფასი საშუალოდ თვეში მხოლოდ 650-მდე დოლარია.

ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ საქართველოს პოზიტიური შედეგი მოუტანა: 2022 წელს 3,7 მილიონიან ქვეყანაში ნამდვილი ეკონომიკური ბუმი დაიწყო – ზრდის ტემპებმა 10%-ს გადააჭარბა. რუსები ბანკებში ანგარიშებს ხსნიან, სარგებლობენ მომსახურებით, ზოგ შემთხვევებში კი თავიანთი ბიზნესი რუსეთიდან საქართველოში გადმოაქვთ. ორგანიზაცია Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 15 ათასამდე რუსული კომპანია იქნა რეგისტრირებული.

ივან სოკოლოვი თბილისში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა, 2022 წლის მარტში. იგი უკვე თითქმის ერთი წელია დისტანციურად მუშაობს ერთ-ერთ ბლოკჩეინ-კომპანიაში, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს. საქართველოში უკვე მეგობრებიც გაიჩინა. „თბილისი ათი წლის წინანდელ მოსკოვს ჰგავს“, – ამბობს ივან სოკოლოვი.

მოგების პოზიტიური მხარე

მაგრამ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ბუმს არამხოლოდ ისეთი მიგრანტები უზრუნველყოფენ, როგორიც ივან სოკოლოვია. საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, სადაც ევროკავშირის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციები ნაკლებად მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში იმატა პროდუქციის ექსპორტმა მესამე ქვეყნებიდან, გაიზარდა აგრეთვე ავტომობილების გატანაც. რადგანაც რუსეთში ევროპულმა კომპანიებმა ღვინის ექსპორტი შეწყვიტეს, 2022 წელს საქართველომ რუსეთის ბაზარზე 23%-ით მეტი ღვინო გაიტანა, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ტურიზმიც აღორძინების ეტაპზეა: საქართველო დღეისათვის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. 2022 წელს საქართველოში ჩასული ტურისტების 20% რუსები იყვნენ, ანუ 4,3%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. Transparency International-Georgia-ს მონაცემებით, მთლიანობაში საქართველომ გასულ წელს ტურიზმით 3,6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ანუ სამჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს.

მოგების ბნელი მხარეები

ეს ყველაფერი საქართველოს მნიშვნელოვანწილად რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. ექსპერტები თვლიან, რომ თუ თბილისი ვლადიმერ პუტინის იმპერიასთან ეკონომიკურ ურთიერთობას შეწყვეტს, ასეთი ნაბიჯი მისთვის ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება.

რა თქმა უნდა, საქართველოში არ სურთ იმის აღიარება, რომ ქვეყანა უკრაინის ომისაგან სარგებელს იღებს. მთავრობა ცდილობს ომისაგან დისტანცირება მოახდინოს. ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ომის ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაში გამონაკლისად უნდა იქნეს განხილული: „დღეს არსებული რთული სიტუაცია [ჩვენგან დამოუკიდებლად] არის შექმნილი. რა ტქმა უნდა, ეს ჩვენთვის სასიხარულო არ არის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

ეკატერინე გუნცაძე საუბრობს [რუსული მიგრაციის] ნეგატიურ შედეგებზეც: თბილისში საცხოვრებელი ბინების დაქირავებისა და შეძენის ფასები, რუსი მიგრანტების „წყალობით“, რეკორდულად გაიზარდა, ასევე მატულობს ინფლაციაც. „ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა ტურისტები გვყოლოდა უკრაინიდან ან ბელარუსიდან, ვიდრე ომით გამოწვეული უკრაინელი ლტოლვილები ან რუსი მიგრანტები“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჟურნალ „ვირტჩაფტვოშესთან“ ინტერვიუში.

მაგრამ რადგანაც რუსეთის პროვოცირებაც საშიში, ამიტომ საქართველო კრემლთან კონფრონტაციას თავს არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიილტვის, 2008 წელს, როცა რუსეთის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინეს, საქართველოსთვის არცერთ ევროპულ ქვეყანას ქმედითი და პრაქტიკული დახმარება არ გაუწევია. რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, თავისი პირადი შემადგენლობით და სამხედრო ტექნიკით – რაკეტებით და ტანკებით, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის დისლოცირებული, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“. კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზა განლაგებულია საქართველოს აფხაზეთის რეგიონში.

უკრაინის ომში ჩართული ვლადიმერ პუტინი ცდილობს საქართველოსთან დაძაბულობა შეარბილოს: რამდენიმე კვირის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმი გააუქმა და ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, „რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადადგას, რაც დამოკიდებული იქნება ჩვენი [ქართველი] პარტნიორების რეაქციაზე“.

წყარო