თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, სერგო შუბითიძე ჩადენილი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.
“აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოაკტის განცხადებით, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა.
ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია.
რაც შეეხება ჩვენების სხვა დეტალებს, ადვოკატის თქმით, ამაზე შუბითიძე დეტალურად სასამართლოში ისაუბრებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული არ საუბრობს მოტივაციაზე.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, როგორც საქმის პროკურორმა, მარი მეშველიანმა განაცხადა, შუბითიძის ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინფორმაცია, შემდგომ კი გამოძიებისათვის მიწოდებული, არ დადასტურდა. ბრალდება დღეს სასამართლოს დაპატიმრების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას ეკუთვნის, ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდოს.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავა.
ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.