1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. „თაიმსის“ ხედვა ლისიჩანსკში უკრაინის არმიის მარცხთან დაკავშირებით: აუცილებელია მოთმინება“
„თაიმსის“ ხედვა ლისიჩანსკში უკრაინის არმიის მარცხთან დაკავშირებით: აუცილებელია მოთმინება“

„თაიმსის“ ხედვა ლისიჩანსკში უკრაინის არმიის მარცხთან დაკავშირებით: აუცილებელია მოთმინება“

271
0

ლონდონის გაზეთი „თაიმსი“ (The Times) დღევანდელ, ოთხი ივლისის ნომერში აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით –  „თაიმსის“ ხედვა ლისიჩანსკში უკრაინის არმიის მარცხთან დაკავშირებით: აუცილებელია მოთმინება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„უკრაინა ორ ფრონტზე იბრძვის: აღმოსავლეთით კიევი ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის გეგმებს დონბასის რეგიონის (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დაპყრობის მიზნით. გასულ შაბათ-კვირას უკრაინელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე საწყენი მარცხი განიცადეს – დაკარგეს კონტროლი ქალაქ ლისიჩანსკზე და აქედან გამომდინარე, რუსებს ლუგანსკის ოლქის უდიდესი ნაწილის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მისცეს. უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური განცხადებით, ლისიჩანსკიდან ჯარი იმიტომ გამოვიდა, რომ ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა შეენარჩუნებინა სამხრეთის ფრონტზე ბრძოლების გასაგრძელებლად.

და მაინც, უკრაინელების მაღალი საბრძოლო სულისა და მათი სამართლიანი ბრძოლის მიუხედავად, ქალაქ ლისიჩანსკის დაკარგვა იმის მანიშნებელია, რომ უკრაინის არმია სუსტი და მოწყვლადია რუსების საცეცხლე ძალის წინაშე. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინას დასავლეთის მხრიდან მასშტაბური მხარდაჭერა არ აქვს.

თავდაპირველი დასავლური პროგნოზები იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდებოდა რუსეთ-უკრაინის ომი, მცდარი იყო და არ გამართლდა ორი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი – დასავლელი ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ რუსები საკმაოდ იოლად გაიმარჯვებდნენ, მაგრამ უკრაინელთა მამაცობამ და მიზანმიმართულობამ, დასავლეთის ფართო სოლიდარობის ფონზე, რუსების გამარჯვებისა და კიევის მარცხის მოლოდინი არ გაამართლა; მეორე – ანალიტიკოსების აზრით, ომი ხანმოკლე იქნებოდა, სინამდვილეში კი უკვე ოთხი თვეა გრძელდება და, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ასეთ სიტუაციას, ალბათ, ბევრად განაპირობებს მოსკოვის სტრატეგიულ უპირატესობა: რუსეთის ეკონომიკა ბევრად მსხვილია უკრაინის ეკონომიკაზე და დასავლური სანქციების დატყმის მიუხედავად, უკეთესად შეუძლია გაჭიანურებული ომის სიძნელეების გადატანა. ამჟამად უკრაინის მთავრობა [ფინანსების] უდიდეს დეფიციტს განიცდის და კრედიტების იოლად მიღება არ შეუძლია; რუსეთს მეტი მოსახლეობა ჰყავს, ვიდრე უკრაინას და ქვეყანის მმართველი რეჟიმი უფრო რეპრესიულია. ამიტომაც კრემლს შეუძლია უფრო მეტი მსხვერპლი შეწიროს ომს, ვიდრე უკრაინას. გარდა ამისა, რუსეთს აქვს შეიარაღების უფრო მეტი რეზერვი და უკრაინაზე შედარებით მსხვილი იარაღის წარმოების სექტორი – რუსეთის სამხედრო ქარხნები დღედაღამ მუშაობენ სრული დატვირთვით. აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთმა ბრძოლები თავისი არტილერიის უპირატესობით მოიგო.

უკრაინა კი პირიქით – მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთის მთავრობების „წყალობაზე“ მაღალხარისხოვანი იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, მაგრამ მოკავშირეების მხრიდან კიევისათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება არასტაბილურია, არათანმიმდევრული და როგორც უკრაინელები ამბობენ, ძალიან დაყოვნებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ორ ფრონტზე ბრძოლისა და საერთოდ, რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

ომის ბოლოდროინდელი მოვლენების კვალობაზე, რაც რუსეთის არმიის წარმატებაში გამოიხატა, დასავლელმა დამკვირვებლებმა და ექსპერტებმა რადიკალური პროგნოზების გაკეთება დაიწყეს. ზოგიერთების აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ომი გაჭიანურდება, უკრაინის გამარჯვება საეჭვოა. უკანასკნნელ ხანს აშშ-ის სადაზვერვო უწყებებმა – უფრო მეტი დაბეჯითებით და მეტი საჯაროობით, ვიდრე ადრე – მოუწოდეს  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ თეთრმა სახლმა აიძულოს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს პრინციპით „მშვიდობა ტერიტორიის სანაცვლოდ“.

ყველაზე სწორი დასკვნა დღეისათვის ისაა, რომ უკრაინას უფრო მეტი დახმარება ესაჭიროება. როცა უკრაინელები პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებენ, მათი ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი ისე საოცრად მაღალია, რომ რუსეთის არმიას უკან ახევინებენ. უკრაინელთა თავგანწირვამ უკვე აიძულა რუსეთი უარი ეთქვა თავდაპირველ ოფიციალურად გაცხადებულ ფართო სამხედრო გეგმებზე და მხოლოდ დონბასით შემოფარგლულიყო. უკრაინის მიერ ამ ცოტა ხნის წინათ შავი ზღვის კუნძულის ზმეინის გაკონტროლება, რომელიც რუსეთს ომის პირველ ეტაპზე ჰქონდა დაპყრობილი, გამარჯვების მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა.

ამჟამად უკრაინელები სამხრეთის ფრონტს ამაგრებენ და, შესაბამისად, სანამ კიევი ამერიკელების მიერ გაგზავნილ რაკეტულ სისტემებს მთლიანად მიიღებენ, მტკივნეული უკან დახევა ლისიჩანსკიდან ხელს შეუწყობს სამხრეთის მიმართულებით ტერიტორიის დაცვას და პოზიციების განმტკიცებას.

ომი ხანგრძლივი იქნება. უკრაინის მოკავშირეებს არ უნდა გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ უკრაინა დაკარგულ პოზიციებს იოლად დაიბრუნებს. თავის მხრივ, უკრაინელებს არ სურთ, რომ მათ ვინმემ დააძალოს საზავო მოლაპარაკებაზე წასვლა, სისუსტის პოზიციით. მათ სასწრაფოდ ჭირდებათ იარაღი და არა თეთრი დროშები.

წყარო