სტრასბურგში რამდენი საქმეც წავიდა, თითქოს ქართულმა სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე თქვა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო-სოზარ სუბარი
ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ობიექტურ კრიტერიუმებზე მიდგება ხოლმე, სასამართლო ყოველთვის მართალი აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სუბარის თქმით, სასამართლოს სუვერენიტეტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან პირდაპირ ბმაშია ქვეყნის სუვერენიტეტთან.
„დღეს ბევრი ითქვა სასამართლოზე და მეც უნდა შევეხო ამ საკითხს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მრავალი წელია საქართველოში მიდის როგორც სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის, ისე კონკრეტული მოსამართლეების ბულინგისა და მათი შეურაცხყოფის კამპანია. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ობიექტურ კრიტერიუმებზე მიდგება ხოლმე, სასამართლო ყოველთვის მართალი აღმოჩნდა. ყოველთვის, როდესაც საქმე სტრასბურგში წავიდა, თითქოს ქართული სასამართლოს მიერ, პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოველ ჯერზე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ის კი არ თქვა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო, არამედ განაცხადა, რომ ზეწოლა, ბულინგი და ცილისწამების ის კამპანია, რომელიც ამ საქმეზე მოსამართლის მიმართ წარიმართა, იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპებისადმი აბსოლუტურად შეუსაბამო.
დღეს ამ დარბაზში ითქვა, რომ სასამართლოს სუვერენიტეტი საერთოდ არ არის განსახილველი საკითხი. არადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და თანაც ორმხრივად მნიშვნელოვანი: პირველი – სასამართლო ხელისუფლება, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, არ უნდა იყოს ზეწოლის ქვეშ და მეორე – როდესაც ქვეყანა თმობს სასამართლოს სუვერენიტეტს და უცხოელები იწყებენ სისტემის დალაგებას, ეს არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ მთლიანად ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობასაც ნიშნავს, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, დეპუტატმა ისაუბრა „ვეტინგის“ თემაზე და განაცხადა, რომ მხოლოდ ორ ქვეყანაში ჩატარდა „ვეტინგი“ და ორივე ქვეყანამ შედეგად მიიღო კორუმპირებული სასამართლო.
„საქართველოში ორჯერ ჩატარდა სასამართლოში „ვეტინგი“, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს ტერმინი არ იყო გამოყენებული და ორივეჯერ, ამ „ვეტინგის“ სათავეში მიხეილ სააკაშვილი იდგა – ერთხელ, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამ პარლამენტში და მეორედ, როგორც პრეზიდენტი. ორივეჯერ ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც არც კანონის უზენაესობა არსებობდა და ვერც სამართალს იპოვიდა მოქალაქე.
მსოფლიოშიც ორად-ორ ქვეყანაში ჩატარდა ე.წ. ვეტინგი, უკრაინასა და მოლდოვაში და ორივეჯერ მივიღეთ აბსოლუტურად კორუმპირებული და სამართლიანობისგან შორს მყოფი სასამართლო. რაც შეეხება ქართულ სასამართლოს, ყველა კვლევაში, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება მთელ მსოფლიოში, საქართველოს სასამართლოს სისტემას ერთ-ერთი მაღალი ნდობის რეიტინგი ყველა კომპონენტში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა შვედური ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ წინ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ცხრა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს; ხოლო მოსამართლეებზე არაკეთილსინდისიერი ზეწოლის კომპონენტში, საქართველოში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, საბერძნეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და სხვა, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველდღიურად ვხედავთ ცილისმწამებლურ კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ, რაც ძალიან ხშირად დაფინანსებულია უცხოური ფონდებისგან და ხშირად ეს ფონდები გაუმჭვირვალეა“, – აღნიშნა სუბარმა.
მან ასევე ისაუბრა დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და განაცხადა, რომ კანონის მიღება აუცილებელია ჩვენს ქვეყანაშიც.
„დიმიტრი ხუნდაძე წეღან ლაპარაკობდა ფრანგულ კანონზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ პირველი წაკითხვით მიიღო საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ და რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი ეყრდნობა ამერიკულ FARA-ს და ბრიტანული ეროვნული უსაფრთხოების კანონს. ბევრ პუნქტში ეს კანონი უფრო მკაცრიც კია, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი, განსხვავებით ქართული კანონისგან.
ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები აცხადებენ, თითქოს კანონი, რომელიც საფრანგეთში მიიღეს, მხოლოდ ჩინური ან რუსული გავლენების წინააღმდეგ არის მიმართული. სინამდვილეში, თავად კანონში, ბუნებრივია, არც ერთი ქვეყანა არ არის ნახსენები, მაგრამ კანონპროექტის პრეზენტაციის დროს ეროვნული ასამბლეის სამართლის კომისიის თავმჯდომარემ, საშა ულიემ ასე ახსნა კანონის მიღების საჭიროება: „სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური, ეროვნული ინტერესების და ღირებულებების დაცვა“. როგორც ბატონმა ულიემ, ისე მისმა კოლეგამ, კოლეგამ, ევროდეპუტეტმა და მინისტრმა ჟონ ნოელ ბარომ მაგალითისთვის ჩამოთვალეს, რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ეს კანონი შეეხება, მათ შორის: აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, კატარი. სხვათა შორის, ჩინეთი, რომელსაც ასე აქტიურად ახსენებდნენ ქართველი ოპოზიციონერები, იქ არავის უხსენებია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ აშშ არის საფრანგეთის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი, თანაც ამ პარტნიორობა ისტორია თითქმის 300 წელს მოიცავს. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი არ უფრთხის თქვას, რომ შეიძლება აშშ-სგანაც იყოს ისეთი ტიპის ზეწოლა ან ჩარევა საფრანგეთის შიდა საქმეებში, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მათ შორის, დასახელებული იყო კონკრეტული საქმეებიც. მაგ. საშა ულიეს თქმით, აშშ-მ დიდი ზიანი მიაყენა საფრანგეთს, როდესაც ამერიკელების ძალისხმევით ჩაიშალა 12 ფრანგული წყალქვეშა ნავის ავსტრალიისათვის მიყიდვის საქმე და ავსტრალიამ უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი გააუქმა.
ასევე ითქვა, რომ ფრანგულ პრესაში რუსეთისა და აშშ-ს დაკვეთით იბეჭდებოდა სტატიები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის წინააღმდეგ.
შესაბამისად, ჩვენც არ უნდა მოვერიდოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ანალოგიური კანონი, რომ ვიცოდეთ, რა ხდება როგორც არამეგობარი, ისე, ხშირ შემთხვევაში, მეგობარი ქვეყნებისგან დაფინანსებულ პროექტებში. მეგობრებს დასამალი არაფერი არ აქვთ, პირიქით, უნდა უხაროდეთ მეტი გამჭვირვალობა, ხოლო თუ ვინმე ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელს პროექტებს აფინანსებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ და რატომ აკეთებს ამას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.