„შიშისა და ბიზნესის ურთიერთქმედება: იარაღის ბუმი საქართველოში“ – Euronews
ევროპულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ევრონიუსმა“ (Euronews – მთავარი ოფისი ლიონში, საფრანგეთი) გერმანულ ენაზე ეთერში გაუშვა ვიდეოსიუჟეტი სათაურით „შიშისა და ბიზნესის ურთიერთქმედება: იარაღის ბუმი საქართველოში“.
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტს:
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში იარაღის მიმართ ინტერესი გაიზარდა. როგორც ცეცხლსასროლი იარაღის დისტრიბუტორები აცხადებენ, ეს ერთგვარად ემოციური ფონით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ფიქრობდნენ, რომ კონფლიქტის საქართველოში განახლების შემთხვევაში თავდაცვისათვის იარაღი აუცილებლად დასჭირდებოდათ. რამდენიმე თვეში მძაფრი ემოცია განელდა და იარაღზე მოთხოვნამაც იკლო, თუმცა ბოლომდე არ გამქრალა.
იარაღის მაღაზიებში თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანს შეხვდებით. ხშირად ისეთი ადამიანები ინტერესდებიან, რომელთაც ადრე იარაღთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ სანამ ადამიანი იარაღის ყიდვას გადაწყვეტს, მას სრულად გააზრებული უნდა ჰქონდეს მისი დანიშნულება და უსაფრთხოების წესები. ასევე აუცილებელია ისიც, რომ იარაღით დაინტერესებული პირი დეტალურად გაეცნოს კანონში „იარაღის შესახებ“ შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა.
როგორც კანონში წერია, გრძელლულიანი ხრახნიანი სანადირო თოფები სავალდებულო ბალისტიკურ შემოწმებას ექვემდებარება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების მიზანი იარაღზე კონტროლის მეშვეობით დანაშაულის პრევენციაა. მსროლელებს კი ეს ცვლილება არ მოსწონთ და აცხადებენ, რომ გრძელლულიანი იარაღის შემოწმება იმ ფორმით, რა ფორმითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმართავს, ძვირადღირებული იარაღის დაზიანებას გამოიწვევს, ასევე შემმოწმებლის უსაფრთხოებასაც შეუქმნის პრობლემებს.
პრეციზიული სროლის ფედერაცია ასევე პრობლემას ხედავს სასროლეთთან დაკავშირებითაც. ამ დრომდე საქართველოში არცერთი ლიცენზირებული ღია სასროლეთი არ არსებობს. როგორც მსროლელები ამბობენ, კანონის მიხედვით, მიზანში სროლა დაშვებულია მხოლოდ სროლისთვის გამოყოფილ ადგილას, თუმცა სასროლეთების გარდა რომელი ადგილები გამოდგება საამისოდ, ამას კანონი არ აკონკრეტებს. ამის გამო წარმოიქმნება გაუგებრობა მსროლელებს შორის, მათთვის ბოლომდე ნათელი არ არის, კანონიერია თუ არა მიზანში სროლა და ვარჯიში მინდორში ან ტყეში, დაცულ და უსაფრთხო ადგილას მაშინ, როდესაც ასეთ ადგილებში ნადირობის მიზნით სროლა ნებადართულია.
ამ ეტაპზე პრეციზიული სროლის ფედერაცია ვარჯიშებსა და შეჯიბრებებს დასახლებული პუნქტებიდან შორს, ბუნებრივად დაცულ ადგილებში, უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებს. როგორც იარაღის მოყვარულები აღნიშნავენ, უსაფრთხოება უმთავრესია.