1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში”-The New York Times
“შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში”-The New York Times

“შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში”-The New York Times

385
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის საქართველოს დედაქალაქში“ (ავტორები – ვალერია ჰოპკინსი და კასანდრა ვინოგრადი), რომელშიც გადმოცემულია თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიპეტიები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავიზღვისპირა ქვეყანას 3,7 მილიონი მოსახლეობით, ხუთშაბათიდან საპროტესტო აქციები არყევს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებამ გამოიწვია: მისი თქმით, მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე აჩერებს, ანუ იმ მიზნისას, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყველა იმ ფინანსურ გრანტზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირიდან ყოველწლიურად იღებდა ხოლმე და რომელიც, ჩვეულებრივ, ასობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.

თბილისის – ქვეყნის დედაქალაქის – ცენტრში მდებარე პარლამენტის შენობასთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებთაგანსაც ბევრს ტანზე ეროვნული თეთრი წითელჯვრებიანი დროშა ჰქონდათ შემოხვეული. მათ მწვანე ლაზერები პოლიციისაკენ მიმართეს და ქვეყნის ახალი მთავრობის მიმართ უთანხმოება გამოხატეს.

მოგვიანებით პოლიციამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სახანძრო ჰიდრანტების და ავტომანქანების მეშვეობით წყლის ჭავლი მიუშვა, რომლებიც, თავიანთი მხრიდან, პოლიციელების მიმართ პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება დაიწყეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა კვირა დილით, ღამით დაწყებული პროტესტები „ძალადობაში გადაიზარდა“. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელების წინააღმდეგ „პიროტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ, ცეცხლგამჩენ ბოთლებს და ქვებს ესროდნენ“. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის ირგვლივ არსებული რკინის მესერი, კამერები, ჩალეწეს ფანჯრები და სამუშაო ოთახებში ხანძარი გააჩინეს.

შინაგან საქმეთა უწყების მონაცემებით, შაბათის საღამოს მდგომარეობით, დაკავებული იქნა 150 ადამიანი. შეტაკების დროს დაზარალდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიციელები. როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ იტყობინება, ჟურნალისტებმა დაინახეს, თუ როგორ ურტყამდნენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მას შემდეგ მოიცვა, როცა 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გამოცხადდა. დამკვირვებლების აზრით, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია სულ უფრო მეტად იხრება რუსეთისა და ჩინეთისაკენ. პროდასავლური ქართული ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არჩევნები გაყალბდა და, შესაბამისად, ისინი შედეგებს არ აღიარებენ.
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ მთავრობა ყველა ზომას იღებს ქვეყნის სრული ინტეგრაციისათვის ევროკავშირში და ნატოში. პრეზიდენტის ოფიციალური უფლებამოსილება ნომინალურია, მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს მინიჭებული. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხარე დაიკავა და მთავრობა „საკონსტიტუციო გადატრიალების“ მოხდენაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, იგი არ დატოვებს თანამდებობას დეკემბრის ბოლოს, როცა მისი უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა იწურება. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს საპარლამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას.

ევროკავშირმა არ აღიარა არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციამ 150-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 61 სადეპუტატო ადგილი მიიღო, თუმცა პარლამენტში შესვლაზე ბოიკოტს აცხადებს და სხდომებს არ ესწრება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: