” ველოდები, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე”- თენგიზ ცერცვაძე
ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ველოდები, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს მიაღწევს შემოდგომაზე, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევების ზრდა დრამატული არ იქნება.
„მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში აღინიშნება ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების მკვეთრი ზრდა. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით, მიაღწევს შემოდგომაზე. ცუნამსაც არ ველოდებით, ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც იყო წლის დასაწყისში, როდესაც სარეკორდო მაჩვენებელი იყო, დღეში 26 000 ახალი შემთხვევა. ჩემი აზრით, იქნება ზომიერი მატება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.
„მთლიანად ვერ ავიცილებთ მატება, მაგრამ მინიმალური და ზომიერი რომ იყოს, ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები არ გვავალდებულებს ამჟამად არაფერს, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასურველია, გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილებზე მაინც. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ შევზღუდავთ რაოდენობის ზრდასაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.