1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები  იწყება

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

477
0

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტთა პირველ ნაკადს 08:00 საათზე ელოდებიან. გამოცდა ერთ საათიანი სარეგისტრაციო პროცედურის დასრულების შემდეგ, 09:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. მათ საგნების, სექტორებისა და საათების შესახებ ინფორმაციის მიღება საგამოცდო ბარათიდან შეუძლიათ. ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცენტრში გამოცხადებისას აუცილებლად თან უნდა იქონიონ.

წელს დარეგისტრირებულია 90 000-მდე აპლიკანტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. მათ შორის არიან აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და პედაგოგების გამოცდაზე გამსვლელები. მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიის პირობებში პირველად პროცესი რეგულაციების გარეშე ჩაივლის, სურვილის შემთხვევაში პირბადის ტარება შესაძლებელია.

საგამოცდო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია მედიას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ გააცნო.

„ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში უკვე გაემგზავრნენ და ადგილზე არიან ჩვენი თანამშრომლები. ხვალ 06:00 საათზე გაიხსნება საგამოცდო ცენტრები, ხოლო დილის 08:00 საათიდან ველოდებით აბიტურიენტებს პირველ სესიაზე, ხოლო 14:00 საათზე ველოდებით აბიტურიენტებს, რომლებიც მეორე სესიაზე არიან რეგისტრირებულები.

რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გაიკეთონ. რაც შეეხება პედაგოგებს, ისინი საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან 6 ივლისიდან და მათთვის ეს პროცესი დასრულდება 22 ივლისს, მაგისტრობის მსურველებისთვის კი გამოცდები 26 და 27 ივლისს ჩატარდება“,- განაცხადა სოფიო გორგოძემ.

იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტს გამოცდის დღეს ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ აქვს დადასტურებული და ჯერ არ არის გასული საიზოლაციო შვიდდღიანი ვადა, გამოცდაზე დასწრებას ვერ შეძლებს. მას საგნის ჩაბარების უფლება დადასტურებიდან მე-8 დღეს მიეცემა. მანამდე, ვირუსის გამო გაცდენილ საგნებს კი სპეციალურად მსგავსი შემთხვევებისთვის დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ. ასეთი კატეგორიისთვის უკვე შექმნილია ახალი ტესტები.

კოვიდინფიცირებას რაც ეხება, აბიტურიენტს საშუალება აქვს გამოცდაზე მოვიდეს დადასტურებიდან მე-8 დღეს. ჩვენ უკვე ცხელ ხაზზე შემოგვივიდა რამდენიმე ზარი, კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 4 ივლისს რამდენიმე აბიტურიენტი გამოეთიშება ამ პროცესს, ვინაიდან მათი ინფიცირებიდან შვიდი დღე არ იქნება გასული. ჩვენ მათ განმეორებით ჩავუტარებთ გამოცდას. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ გამოცდის დღეს, მას უკვე უნდა ჰქონდეს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი ან არ უნდა იყოს მე-8 დღე. თუ გამოსაცდელს აქვს ეჭვი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კოვიდი, თუ მას ლაბორატორიულად დადასტურებული არ აქვს, მას განმეორებითი სესია არ დაენიშნება. სჯობს, მოვიდეს, გვაცნობოს, რომ მას ასეთი ეჭვი აქვს და ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ის დავსვათ სარეზერვო სექტორში უსაფრთხოდ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.