საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა – ირაკლი კობახიძე
„სვეტიცხოვლობას ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ვულოცავ დედა ეკლესიას, განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს უძვირფასეს და უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, ვულოცავ ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მღვდელმთავრებს, ყველა სასულიერო პირს, რომელიც ემსახურება ღვთის და ეკლესიის საქმეს ჩვენს ქვეყანაში. ვულოცავ მრევლს, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ვულოცავ მცხეთელებს, ღმერთის საჩუქარია, გერქვას მცხეთელი და იყო ამ დიდებული ქალაქის მკვიდრი. მცხეთა არის ადგილი, სადაც საქართველო პირველად ეზიარა ქრისტიანობას. ეს არის ის ადგილი, სადაც მეფე მირიანმა იხილა ღვთისგან მოვლენილი სასწაული, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გააქრისტიანა ჩვენი ქვეყანა და მას შემდეგ, 17 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა არის ის, რაც იფარავს ჩვენს ქვეყანას და გვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. როცა ვართ მცხეთაში, განსაკუთრებული სიმძაფრით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ დღეს ქრისტიანობას, ჩვენს სარწმუნოებას სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან ქრისტიანობას, სარწმუნოებას, ქრისტიანულ მორალურ დოგმებს. სამწუხაროდ, ეს ძალები იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ საქართველოშიც, თუმცა, როცა ერთად დგას ერი და ბერი, ქართველებს ვერავინ დაამარცხებს, ვერავინ დაამარცხებს სარწმუნოებას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას ჩვენს ქვეყანაში, ვერავინ დაამარცხებს რწმენას ჩვენს გულებში და ვერავინ დაამარცხებს ქრისტიანულ ფასეულობებს ჩვენს ცნობიერებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქს, ყველა მღვდელმთავარს, თითოეულ სასულიერო პირს მათი ღვაწლისთვის და მოღვაწეობისთვის ჩვენი ქვეყნის სულიერად გასაძლიერებლად. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დედა ეკლესიას, სვეტიცხოვლის მადლი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, გილოცავთ სვეტიცხოვლობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.