სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის “ბანდიტების” ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება -მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება საქართველოს შესახებ
მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით, – ამის შესახებ აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადებაში.
როგორც მისიის შეფასებაშია ნათქვამი, „სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი თუ მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“.
„ჩვენ ბევრი მოსაუბრისგან მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავდა მუქარას, დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, სამოქალაქო ორგანიზაციებზე რეიდებს, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა „ქართული ოცნება“, კრემლის კვალდაკვალ ნარატივებს, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩევლების დაშინებას ომის საფრთხით, თუ ისინი ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას წარუდგინეს თავიანთი მიგნებები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია სერიოზული დარღვევები, მათ შორის ხმის მრავაჯერადად მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეცდომები. არჩევნების დღეს მსგავს ანგარიშებს წარმოადგენდნენ სხვა ექსპერტებიც, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები. დელეგაციამ ეს ანგარიში გააცნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა.
არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ოთხი წლით უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე, მიუხედავად ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერისა ევროპული მომავლის მიმართ. ამან ათიათასობით ქართველის პროტესტი გამოიწვია, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ჩვენს მიერ გამოკითხულებმა აღწერეს, თუ როგორ უტევდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს შავი ფორმიანი უსაფრთხოების ძალების ჯგუფები, რომელთაც არ გააჩნდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები, მაშინ, როდესაც ფორმიანი პოლიცია უმოქმედოთ დგას და არაფერს აკეთებს. მისიამ რამდენიმე ახალგაზრდასაც მოუსმინა, რომლებმაც აღწერეს, როგორ დააკავეს ისინი აქციების დატოვების შემდეგ და უსაფრთხოების ძალებმა გონების დაკარგვამდე სცემეს. მათ საავადმყოფოში გაატარეს ღამეები მოტეხილობებით, სახის დაზიანებებითა და ტვინის შერყევით. შემდგომ კი ცრუ ბრალდებები წაუყენეს ხულიგნობასა და ვანდალიზმისთვის. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქციებთან ახლოს არ იმყოფებოდნენ, ასევე გაიტაცეს ქუჩიდან, შემდეგ სცემეს და ბრალი წაუყენეს. ჩვენი მისიის დროს რონდელის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ქუჩიდან აიყვანეს, ის რამდენიმე საათი გაუჩინარებული იყო, შემდეგ ნაცემი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.
მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით. სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელი შემთხვევისას, თუ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“, – აღნიშნულია შეფასებაში.