1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება, გამოიძიოს-მეთიუ მილერი
საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება, გამოიძიოს-მეთიუ მილერი

საქართველოში არჩევნების შედეგებზე საბოლოო შეფასება ჯერ არ გვაქვს, გვსურს, ვიხილოთ გამოძიება, კონსულტაციებს გავდივართ ევროპელ პარტნიორებთან, რომელმა ორგანომ შეიძლება, გამოიძიოს-მეთიუ მილერი

1.30K
0

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომლის გარემოც ფორმირებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ამან ხელი შეუწყო არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, სრულად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ცნობა დარღვევების შესახებ. ასევე, გავცემთ მოწოდებას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ოფიციალურ პირებს, გაითვალისწინონ, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ნაცვლად იმ პოლიტიკის გაძლიერებისა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტს სურს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია.

„საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შემოთავაზებული და მხარდაჭერილია ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ, ადგენს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას. ყველა პარტია კამპანიის დროს მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. ჩვენ წლის განმავლობაში მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, უკან დაეხია ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება. ჩვენ გვსურს, ვნახოთ პროცესის გამოძიება. ჩვენ აღვრიცხეთ დარღვევები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ოფიციალური პირების მოწოდებები სრული გამოძიების ჩატარების შესახებ. ვუერთდებით ამ მოწოდებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ არ ეთანხმებიან არჩევნების შედეგებს, მილერმა უპასუხა, რომ ამაზე საბოლოო შეფასება ჯერ არ აქვთ.

„ჯერჯერობით არ გვაქვს საბოლოო შეფასება. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ გამოძიება“, – დასძინა მილერმა.

მილერს კითხვა დაუსვეს, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენმა განაცხადა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და რუსული ოპერაციის ნაწილია. არის რაიმე მიზეზი, რატომ არ არის ეს ასახული სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გადიან, რომელმა ორგანომ შეიძლება ჩაატაროს გამოძიება.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს გამოძიების ჩატარება. სიცხადისთვის განვმარტავ – მე არ მითქვამს ჩემს განცხადებაში, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რომელი სათანადო ორგანო შეიძლება იყოს ასეთი გამოძიების ჩამტარებელი“, – აღნიშნა მილერმა.

კითხვაზე, არ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ ჩაატარებს გამოძიებას, მილერმა კვლავ გაიმეორა, რომ გადიან კონსულტაციებს პარტნიორებთან.

„მოისმინეთ ჩემი პასუხი ამ კითხვაზე – ჩვენ ვკონსულტირებთ ჩვენს პარტნიორებთან იმის თაობაზე, თუ რომელი სხვა სათანადო ორგანო შეძლებს ასეთ გამოძიების ჩატარებას. მე არ გავცდები იმას, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი – საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს რეაგირებას. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, რამდენიმე თვეა, გადახედვის პროცესშია. თქვენ უკვე ნახეთ, რომ შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენი სხვა დახმარებები კვლავ გადახედვის პროცესშია“, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ასევე კითხვა დაუსვეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, რომ აქციაზე შეკრებილებს სჯერათ, რომ ისინი მიატოვა აშშ-მა. მან მილერს ჰკითხა, თუ აქვს რაიმე სათქმელი აქციის მონაწილეებისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სრულად პატივი სცეს ქართველების უფლებას მშვიდობიან შეკრებაზე. გვსურს, ვნახოთ სრული გამოძიება არჩევნებში სავარაუდო დარღვევების შესახებ“, – განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი სახელმწიფო მდივნის გუშინდელ და მილერის დღევანდელ განცხადებებში და მიიჩნევს თუ არა, რომ რუსები ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში, მილერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს შეფასება ამასთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე არ მაქვს შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ჩარევის ბრალდებების მიღმაც კი, მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ვნახეთ რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია რუსეთის ჩარევისგან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ჩარევა მისი არაერთი მეზობლის არჩევნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ მათი ჩარევა ჩვენს საკუთარ არჩევნებშიც. ჩვენ განვაგრძობთ ყურადღებით დაკვირვებას, მაგრამ არ მაქვს შეფასება ახლახან ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მილერმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა რამე რეაქცია ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე, მილერმა უპასუხა: „არა“.