“საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებს მივაკუთვნებთ, ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, მიზანშეწონილი არ არის ვარაუდი, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება”- ოლაფ შოლცი
ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომლის თარგმანსაც 1tv.ge ავრცელებს.
კითხვაზე, უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას იმას, ვინ შემოდის ქვეყანაში და ვის აძლევენ დარჩენის უფლებას, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ისინი უკვე დიდი ხანია, ამას აკეთებენ, თუმცა ახლა უფრო ზუსტ დიფერენცირებას განახორციელებენ.
„ერთი მხრივ, ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინც თავშესაფარს ეძებენ, რადგან ისინი პოლიტიკური დევნის სამიზნე არიან. მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ამ რიცხვის შემცირებას, კანცლერი აღნიშნავს: „ზომების ახალი პაკეტის საშუალებით. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით ახალ სოლიდარობის მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენი დაამტკიცებს ამ მექანიზმს“.
კანცლერის თქმით, გერმანიამ შემოიღო მკაცრი კონტროლი მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე, რის შესახებაც ინფორმირებულია ბრიუსელი.
„გვსურს, შევამციროთ აქ უკანონოდ დარჩენისთვის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალურ მიწებზე განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური სახით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ მასშტაბური დეპორტაცია უნდა განახორციელონ მათ მიმართ, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს.
„ისინი, ვისაც გერმანიაში დარჩენის ნებართვას სავარაუდოდ არ მიანიჭებენ, რადგან არ, ვერ დაადასტურებენ დაცვის საჭიროებას, უნდა დაბრუნდნენ. ამის რეალიზაციისთვის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ უწყვეტად, რათა ის პირი, რომელსაც ფედერალური პოლიცია დააპატიმრებს, რეალურად დეპორტირებულ იქნას. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ საიმიგრაციო ოფისის გაციფრულება – ქაღალდის ერა უნდა დასრულდეს. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებები და პირველადი გასაუბრებები მიღების პუნქტებშივე ხორციელდებოდეს. სასამართლო განხილვებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე პირველადი დადგენილებები ოთხი თვის შემდეგ მოდის, სხვაგან კი, ამას 39 თვე სჭირდება. ეს დაუშვებელია. ჩვენ უფრო ხშირად და სწრაფად უნდა განვახორცილოთ დეპორტაციები“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.