1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება – ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს
საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება – ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს

საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება – ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს

159
0

საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა, – ამის შესახებ 30-ზე მეტი ევროპარლამენტარის წერილშია გაგზავნილი, რომელსაც ისინი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს უგზავნიან.

„ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტაუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულვებელყოფა აღარ შეიძლება“, – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, – აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობენ ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად.

„ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნულია წერილში.

წერილის ასლს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წერილს ხელს აწერს 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი, მათ შორის პეტრას აუსტრევიჩუსი, ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, თიის როიტენი და სხვები.