„საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, ვადის ამოწურვის შემდეგ, ისრაელში დარჩენა გადაწყვიტა“ – The Jerusalem Post
ისრაელის ინგლისურენოვან გაზეთ The Jerusalem Post-ში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, ვადის ამოწურვის შემდეგ, ისრაელში დარჩენა გადაწყვიტა“ (ავტორი – გრირ კეშმანი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველო-ისრაელის ისტორიული ურთიერთობის ზოგიერთი მომენტი, იერუსალიმის ქართული ძეგლები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლაშა ჟვანიას დამსახურებას, რომელიც სამჯერ იყო საქართველოს ელჩად ისრაელში.
„ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვს წმინდა მიწასთან, განსაკუთრებით კი იერუსალიმთან.
გამოჩენილი ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა დაწერა ეპიკური ნაწარმოები – პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მან საქართველოს ხელმძღვანელს – თამარ მეფეს მიუძღვნა. თამარ მეფე კი 1220 წელს დაკრძალეს ჯვრის მონასტერში, რომელიც იერუსალიმში ისრაელის მუზეუმთან და ქნესეთთან ახლოს მდებარეობს და რომელიც ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ ღირს შესანიშნაობად ითვლება“, – აღნიშნავს ავტორი.
„საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, რომელსაც ისრაელში ელჩად ყოფნის მესამე ვადა ამოეწურა, ყველაზე მეტად იცის იერუსალიმში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლები, ვიდრე თვითონ იერუსალიმელებმა. იგი ექსკურსიებსაც კი ატარებს ხოლმე „ქართულ იერუსალიმში“, მან კარგად იცის ივრითი და ორივე მხარის – საქართველოსა და ისრაელის თვალსაზრისებზეც ლაპარაკობს.მიუხედავად იმისა, რომ ორი ვადით ელჩობა რომელიმე ერთ ქვეყანაში იშვიათობა არ არის, მესამე ვადით დიპლომატიურ წარმომადგენლად ყოფნა ნამდვილად ხშირად არ ხდება ხოლმე, მაგრამ ლაშა ჟვანია ამ მხრივ გამონაკლისია. იგი პირველად ელჩად 1998 წელს დაინიშნა და იმდენად შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, რომ როცა ვადა დაუმთავრდა, დანაღვლიანებული იყო და ეჭვი ეპარებოდა, რომ ოდესმე ისრაელში ისევ ელჩად დაბრუნდებოდა. მაგრამ 2005 წელს ლაშა ჟვანია ისევ ელჩი გახდა. იგივე მოხდა 2019 წელსაც. და რადგანაც მან ირწმუნა, რომ მეოთხედ აღარ იქნებოდა საქართველოს წარმომადგენელი, მან გადაწყვიტა ისრაელში დარჩენილიყო:, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ჩამოთვლილი და განხილულია ლაშა ჟვანიას საქმიანობა საქართველო-ისრაელის ურთიერთობის განმტკიცებაში, ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის გაღრმავებაში. „როცა თბილისში ვარ, იერუსალიმზე ვფიქრობ, ხოლო როცა იერუსალიმში ვბრუნდები, თბილისი მუდამ თბილისი მახსენდება“, – იმოწმებს ავტორი ლაშა ჟვანიას ნათქვამს ერთ-ერთ ინტერვიუში.
რას გააკეთებს ლაშა ჟვანია იერუსალიმში?
მას ბევრი შეთავაზება აქვს და რომელიმეს ამოირჩევს. მას დიდი გამოცდილება აქვს და ბევრ სფეროში ფართო პროფილის კონსულტანტის ფუნქციის შესრულება შეუძლია. მას სამართლის მაგისტრის ხარისხი აქვს როგორც საქართველოს, ისევე ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის შედეგად. მუშაობდა მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ამჟამად არის საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის გენერალური დირექტორი. ფონდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს, რომელსაც ებრაელი ხალხი ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს. ილია მეორე სამჯერ იყო ისრაელში.
ლაშა ჟვანია, რომელიც თავის საქმიანობას იხსენებს, აღნიშნავს, რომ ქართველებს ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. თვითმფრინავები ყოველთვის სავსეა, ფრენები ყოველთვის ჩვეულებრივი რეჟიმით მიმდინარეობს (7-8 ოქტომბრის გამონაკლისით. იმ დროს, როცა ანტისემიტიზმი ბევრ ქვეყანაში მატულობს, საქართველოში მსგავსი რამ არ ხდება, არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება: „საქართველო ებრაელებისათვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს“.
ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველო დიდი ხანია წარმოადგენდა იმ ერთადერთ ადგილს, სადაც ებრაელისთვის ყოველთვის არსებობდა კოშერის ღვინო (ებრაული წესით მომზადებული), არსებობდა ხაბადი (ებრაული ცხოვრების წესი). ამჟამადაც ქვეყნის ბევრ რესტორანში ნახავთ კოშერს, ხოლო ბევრ საბავშვო ბაღში და სკოლებში ბავშვებს ებრაულად ზრდიან. ქართველი დიპლომატის თქმით, ფართოდ ვითარდება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისო ურთიერთობა, გაფორმებულია შეთანხმებები მრავალ სფეროში, იზრდება ტურიზმი და ა.შ.
ლაშა ჟვანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული სიტუაციით. მისი თქმით, მსოფლიომ მაგალითი უნდა აიღოს საქართველო-ისრაელის მეგობრობიდან. სწორედ ასეთი სიტყვები დაწერა ქართველმა ელჩმა ივრითულ ენაზე ახლახან მესამედ გამოცემულ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც მან ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს და ქნესეთის სპიკერს ამირ ოხანფს მიუძღვნა, ელჩობის ვადის ამოწურვის გამო დამშვიდობების დროს.