
საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები“, – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს.
„ჩემი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამისთვის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას უძლებს. ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ამაზე კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია“, – აღნიშნა ბარციცმა.