1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს”- რას წერს თურქული პრესა
“საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს”- რას წერს თურქული პრესა

“საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს”- რას წერს თურქული პრესა

1.95K
0

თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველომ მოახერხა, შემდეგი კიევი უნდა იყოს“ (ავტორი – ბერჯან თუთარი), რომელშიც განხილულია საქართველოს მდგომარეობა – რატომ არიან ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილონი საქართველო და დასავლეთი, ვინ არის „დამნაშავე“ მათი ურთიერთობების გაცივებაში და რა ელოდება საქართველოს არჩევნების შემდეგ.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო, რომელშიც ევროატლანტიკური სახელმწიფოები ბატონობენ, უკვე დაქცევის პირას დგას. აშშ-ის პროექტები, რომელიც ევროატლანტიკური ბლოკის ქვეყნების ლიდერს წარმოადგენს, ზედიზედ იშლება. აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ინდოთ-წყნარი ოკეანის, ლათინური ამერიკისა და აფრიკული საჰელის რეგიონების შემდეგ ამერიკულმა საგარეო პოლიტიკა უკვე წარუმატებლობას განიცდის სამხრეთ კავკასიაშიც, რომელსაც საკვანძო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამის ნათელ მაგალითს საქართველო წარმოადგენს.

მოდით, ნუ დავივიწყებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს დაშლა, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაცია, განხორციელდა რუსეთთან ომის (2008 წელს) შედეგად, აშშ-ის და ევროპის ინტერესების წყალობით. თბილისს მათი იმედები ჰქონდა, მაგრამ როცა საქართველომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დაკარგა, აშშ-საგან და ევროპისაგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად ბედის ანაბარად იქნა მიტოვებული, ბოლო ათწლეულში ნელ-ნელა აღორძინდა, მაგრამ დასავლეთისაგან უკუსვლა დაიწყო.

ქვეყნის აღორძინების ლოკომიტივი გახდა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, რომელიც 2012 წლის 19 აპრილს ბიზნესმენმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაარსა. იმავე წელსვე პარტიების საარჩევნო ბლოკმა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა და კოალიციური მთავრობა შექმნა.

მოგვიანებით, ამჯერად უკვე მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, 2016 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ისტორიული წარმატება მოიპოვა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც – დასავლეთის მძაფრი ანტიპროპაგანდისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად. პარტიამ თითქმის ხუთჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მისმა უახლოესმა მეტოქემ.
***
საქართველოს პროდასავლელმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. იგი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართველი ემიგრანტის ოჯახში და სანამ 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნებოდა და 2018 წელს ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, თბილისში საფრანგეთის ელჩის რანგში. სალომე ზურაბიშვილი მინისტრად დანიშვნამდე საქართველოს მოქალაქე არ იყო და თავისი ისტორიული სამშობლოს მოქალაქეობა მოგვიანებით მიიღო.

ალბათ, სწორედ ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პარიზში გაზრდილი სალომე ზურაბიშვილი შინაგანად თავს ფრანგად გრძნობს, რომელიც საქართველოში შექმნილ რეალობას ვერ აღიქვამს. სხვათა შორის, ჩვენც ბევრი მსგავსი პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი და „სახელმწიფო მოღვაწე“ გვყავს, რომლებშიც დასავლური კოდები ჭარბობს, ანუ პრობლემები აქვს „მშობლიური“ ხალხისადმი დამოკიდებულებაში.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მხარს უჭერს ორიენტალიზმს, განაცხადა, რომ არჩევნებში რუსეთი ჩაერია. შესაბამისად, ქართველ ხალხს მოუწოდა შედეგები არ აღიაროს და ოპოზიციის პროტესტებს შეუერთდეს.
ესე იგი გამოდის, რომ ქართველებმა არ უნდა დაიჯერონ „ქართული ოცნების“ 54%-იანი წარმატება იმ დროს, როცა მისმა უახლოესმა ოპოზიციურმა პარტიამ მხოლოდ ხმების 11% მოაგროვა? სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ასეთი კოლოსალური უპირატესობისა, მაინც თავისას არ იშლის. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება არჩევნების შედეგების მიმართ. ამაში ჩანს მისი როგორც შეთქმულის მენტალიტეტი.
***
სალომე ზურაბიშვილმაც და მისმა მხარდამჭერმა დასავლურმა სახელმწიფოებმაც მშვენივრად იციან, რომ ხმის მიცემის შედეგები ქართველი ხალხის გადამწყვეტი ნების გამოხატვაა ევროპისა და აშშ-ის ჰეგემონიისაგან თავდასაღწევად. ამიტომაც დასავლეთის წინაშე კაპიტულანტური მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსები ტრამვირებულნი არიან საქართველოს როგორც ევროპული ცივილიზაციის ყველაზე აღმოსავლური საყრდენის „დაცემით“ – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ოთხ მილიონამდეა, საქართველოს, სადაც ევროპისა და აზიის გზები ერთმანეთში იკვეთება, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
დღემდე ამერიკა და ევროპა საქართველოს იყენებდნენ როგორც ფრონტად თავიანთი მეტოქეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რუსეთთან, თურქეთთან და ირანთან მიმართებით. მოკლედ, კავკასიური ქვეყანა ფასდაუდებელ ფორპოსტს წარმოადგენდა დასავლეთისათვის.
მაგრამ საქართველომ მოახერხა იმ ორმოდან ამოსვლა, რომელშიც დასავლეთის წყალობით ჩავარდა – თავისი პოლიტიკის ტრანსფორმაციით და ახლა აცხადებს, რომ მეტად აღარ იქნება დასავლურ-იმპერიალისტური პროექტების მსხვერპლი ობიექტი. ერთი სიტყვით, რჩება მხოლოდ იგივე ვუსურვოთ უკრაინასაც და დასავლეთის სხვა მარიონეტებსაც. ჭეშმარიტებაა, რომ მხოლოდ ის ქვეყნები მოიპოვებენ სტაბილურობას, მშვიდობას და სიმშვიდეს, რომლებიც დასავლელი მფარველებისაგან გათავისუფლდებიან. საქართველო ამის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს – თბილისი გვაჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: