1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო – ყველაზე საუკეთესო, საინტერესო და იდუმალი ტურისტული მიმართულება ევროპაში -Le Dauphiné libéré
საქართველო – ყველაზე საუკეთესო, საინტერესო და იდუმალი ტურისტული მიმართულება ევროპაში -Le Dauphiné libéré

საქართველო – ყველაზე საუკეთესო, საინტერესო და იდუმალი ტურისტული მიმართულება ევროპაში -Le Dauphiné libéré

629
0

ფრანგულ რეგიონულ ყოველდღიურ გაზეთ Le Dauphiné libéré-ში (იბეჭდება გრენობლში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო – ყველაზე საუკეთესო, საინტერესო და იდუმალი ტურისტული მიმართულება ევროპაში“ (ავტორი – ნადეჟ ჩერეტო).

როგორც პუბლიკაციის დასაწყისშია აღნიშნული, მიმდინარე წელს, გაზეთის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები“ გამარჯვებული გახდა საქართველო – კავკასიის მარგალიტი, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და რომელიც ჰომეროსის „ოდისეაშია“ აღწერილი.

საქართველო, რომელიც მასობრივი ტურიზმისაგან ჯერ კიდევ არ არის განებივრებული, ჭეშმარიტად მიმზიდველი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა, საოცარი მრავალფეროვნებით. ამიტომაც ამ ქვეყანას უნდა ეწვიოთ“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია თბილისის, მცხეთის, სიღნაღის, გორის, ახალციხის, ქუთაისის ღირსშესანიშნაობები.

„თბილისი ისტორიით და კულტურით მდიდარი ქალაქია: გაისეირნეთ ბოტანიკურ ბაღში, ეწვიეთ სიონისა და სამების ტაძრებს, ეროვნულ მუზეუმს და აბრეშუმის მუზეუმს, ისიამოვნეთ აბანოებით, სადაც გოგირდის შემცველი ბუნებრივი ცხელი წყალი მოდის. შემდეგ გაემგზავრეთ მცხეთაში, სვეტიცხოვლისა და ანტიოქიის ტაძრების, ჯვრის მონასტრის სანახავად. ეწვიეთ კახეთს – ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის მთავარ რეგიონს, მოინახულეთ სიღნაღი, შემდეგ კი დავით გარეჯის მონასტერი.

მონახეთ დრო და გორში აუცილებლად წაბრძანდით, დაათვალიერეთ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი და უფლისციხის მღვიმური კომპლექსი. ახალციხეში – რაბათის ციხე, ებრაული კულტურის ძეგლები, კლდეში ჯადოსნურად გამოკვეთილი ქალაქი ვარძია. ქუთაისში ბაზარში ქართული ხილი იყიდეთ, ნახეთ გეგუთის სასახლის ნაშთები, გელათი, მოწამეთა და სათაფლია“, – წერს ავტორი.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონს – აჭარას და ბათუმს.

„ბათუმი საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ქვეყნის მნიშვნელოვან სავაჭრო პორტს და ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს. ბათუმის არქიტექტურა ძირითადად საბჭოურია, თუმცა ბევრია სხვადასხვა ეპოქაში აგებული შენობებიც. ამ მხრივ სუპერთანამედროვე სანაპირო კონტრასტულია ქალაქის ისტორიულ ცენტრთან.

აუცილებლად დაათვალიერეთ გოთური სტილით 1902 წელს აგებული ბათუმის ნოტრ-დამი (ღვთისმშობლის ტაძარი), რომელიც 1937 წელს დაანგრიეს და 1989-ში აღადგინეს. ტაძრის ქვების ფერები მზის სინათლის შესაბამისად იცვლება. ბათუმში ბევრია სხვა რელიგიური ადგილებიც, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ისლამური მეჩეთი ორთა-ჯამე.

აჭარის რეგიონის შესახებ უფრო მეტი ისტორიის გასაგებად ეწვიეთ აჭარის მუზეუმს, სადაც გამოფენილია ბერძნული და რომის ეპოქის სხვადასხვა კოლექციები. შედით ბოტანიკურ ბაღში, სადაც მთებს და ზღვას შორის მსოფლიო მრავალი ტროპიკული მცენარეა თავმოყრილი. გაისეირნეთ მოედანზე, ნახეთ ბიჭი ფლეიტით (ქალაქის ემბლემა), ფოლადისაგან შექმნილი სკულპტურა „ალი და ნინო“ (ქალ-ვაჟი ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოვდებიან, ერწყმიან და ასევე ნელ-ნელა შორდებიან), გაიარეთ ბულვარზე, დააგემოვნეთ ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს დელიკატესები“… – წერს ავტორი.

წყარო