“საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, კანონის უზენაესობის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”-ზბიგნევ რაუ
საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს.
„ახლა ძალიან დაუცველი საერთაშორისო გარემოა. გვჭირდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცესის აჩქარება. პოლონეთში ძლიერად ვიმედოვნებთ, რომ გაწევრიანების პროცესს არ სჭირდება ცვლილებები ხელშეკრულებებში და ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულად შეესაბამება გაწევრიანების პროცესს. გვჯერა, რომ ერთსულოვნების პრინციპი არის თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერის გარანტია ევროკავშირის ინიციატივებისთვის.
საქართველო ასევე ელოდება გადაწყვეტილებას, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი ელემენეტი ცოტათი ჯერ კიდევ უნდა გამოსწორდეს, რათა დარჩეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო დღის წესრიგთან თანხმობაში. პოლონეთი პრინციპში მხარს უჭერს საქართველოს. გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება საქართველოს დემოკრატიის გაუმჯობესება. კანონის უზენაესობის კუთხით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი სააკაშვილის მომავალთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ძლიერად მჯერა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.