1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო და აშშ – ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ -ლევან დავითაშვილი
საქართველო და აშშ – ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ -ლევან დავითაშვილი

საქართველო და აშშ – ი მზად არიან, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად განავითარონ -ლევან დავითაშვილი

214
0
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა. 
 
შეხვედრა აშშ – ში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ – ს შორის სავაჭრო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი “მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე” შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, აშშ – საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მზარდი დინამიკით ხასიათდება – 2024 წელს აშშ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე იყო დაახლოებით 9-პროცენტიანი წილით. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ისთვის არა მარტო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, არამედ მას ჰაბის ფუნქციაც ეკისრება ამერიკიდან ექსპორტირებული პროდუქციის რეგიონის სხვა ქვეყნებში გადანაწილების კუთხით. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ეხება მსუბუქ ავტომობილებს და გარკვეული სახის აგრო პროდუქციას, რომლებიც  საქართველოს მეშვეობით ცენტრალური აზიისა და რეგიონის სხვა  ქვეყნებში  რეექსპორტის სახით გადის. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 940 მლნ აშშ დოლარის მანქანების რეექსპორტი განხორციელდა.
 
საუბარი ასევე შეეხო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებენ ინფორმაციის გაცვლას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტარიფებთან დაკავშირებულ ცვლილებას აშშ – ში ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენა ექნება. 
 
დასასრულს აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები, ისევე როგორც საქართველო მზად არიან აქტიურად განავითარონ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობები.