1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა – თვითმფრინავი აფეთქდა”
“საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა – თვითმფრინავი აფეთქდა”

“საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა – თვითმფრინავი აფეთქდა”

396
0

ვლადიმერ პუტინის დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით უცხოურ მასმედიაში რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების განხილვისას ისევ არის დამოწმებული სავარაუდო ინფორმაცია – ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან ზოგიერთი ქართული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებული მოარული ხმები, რომ იგი თურმე 1950-იან წლებში საქართველოში იზრდებოდა, კერძოდ – კასპის რაიონში. 

გთავაზობთ ერთ-ერთ მსგავს მასალას, რომელიც 15 ოქტომბერს უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემამ „გორდონმა“ (Гордон) გაავრცელა: მისი მთავარი რედაქტორი ოლესია ბაცმანი (პუტინის ცნობილი ოპონენტი ჟურნალისტის დმიტრო გორდონის ცოლი) ესაუბრება ტელეწამყვან სავიკ შუსტერს (იგი 1952 წელს ვილნიუსშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ, 1971 წელს მშობლებთან ერთად კანადაში გაემგზავრა. ამჟამად აქვს კანადისა და იტალიის მოქალაქეობა).

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით „[2000 წელს], საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა. თვითმფრინავი აფეთქდა“.

სავიკ შუსტერი: ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს დაიბადა, მაგრამ რომელ წელს – ეს ჯერ გაურკვეველია. პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა რედლიხმა 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით „ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი“. 

ავტორი საიმედო ქალბატონია, მან 15 წელი იმუშავა ამ წიგნზე. მასალებიდან გამომდინარე იგი ამტკიცებს, რომ [შეძლო უტყუარი ფაქტების მოკვლევა]. ქრისტინა რედლიხი ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვდა და ესაუბრა. ნამდვილს! ოფიციალურს კი არა, არამედ ნამდვილს. როგორც წიგნშია ნათქვამი, პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაფიქსირებული მშობლები მისი ნამდვილი მშობლები არ არიან. პუტინის ნამდვილი დედა ვერა ნიკოლაევნაა, იგი სანქტ-პეტერბურგელი არ არის, ურალში, პერმის ოლქში მდებარე სოფელშია დაბადებული 1926 წელს. იმ სოფელში ბევრი პუტინის გვარის მქონე ადამიანი ცხოვრობს. ომის შემდეგ ახალგაზრდა გოგონას ვერას სწავლის გაგრძელება სურდა. მან [ტექნიკუმის სტუდენტობის დროს] გაიცნო პლატონ პრივალოვი, რომელმაც მოატყუა და უთხრა, რომ ცოლი არ ჰყავდა, სინამდვილეში კი ის დაჯახებული იყო. ვერამ უკანონო შვილი გააჩინა – ვლადიმერ პუტინი. ეს მოხდა 1950 წელს. შემდეგ ვერამ გაიგო, რომ პლატონს ოჯახი ჰყავდა, ანუ ვერა ნიკოლაევნა მარტოხელა დედა აღმოჩნდა. მოგვიანებით მან ვაჟი მშობლებთან დატოვა და ტაშკენტში წავიდა, სწავლის გასაგრძელებლად. იქ მან ვიღაც ქართველი მამაკაცი გაიცნო, რომელმაც ვერას ჯადოსნური ამბები მოუყვა და თავი უმდიდრეს და კეთილშობილ ადამიანად გააცნო. ახალგაზრდა ქალი გათხოვდა და ქმარს საქართველოში წაჰყვა, სოფელ მეტეხში – სხვათა შორის, ეს სოფელი გორიდან, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა, 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ვერა მეტეხში ცხოვრობდა, მაგრამ პერმის ოლქში დატოვებულ ვაჟზეც ფიქრობდა. საბოლოოდ მან შვილი საქართველოში ჩაიყვანა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ ქართველ მამინაცვალს გერი არ უყვარდა – სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა. ამის გამო დედამ შვილი ისევ ბებიას და პაპას დაუბრუნა გასაზრდელად. რადგანაც იმ სოფელში ბევრი პუტინი ცხოვრობდა, ერთ-ერთი პუტინის გვარის მქონე ოჯახი ლენინგრადში გადავიდა საცხოვრებლად, ცოლ-ქმარი 41 წლისანი იყვნენ. 1952 წელს მათ თითქოსდა დაებადათ ვაჟი, რომელსაც სახელად ვლადიმერი დაარქვეს. მათ პირველ შვილს ვიქტორი ერქვა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის დროს დაიღუპა. მათ ვერა პუტინას ვაჟი შვილად აიყვანეს…

ოლესია ბაცმანი: რამდენი წლის იყო ვლადიმერი, შვილად რომ აიყვანეს?

სავიკ შუსტერი: ამის თქმა არ შემიძლია, არ მახსოვს, თუმცა ვიცი, რომ [ჭიდაობა] სამბოში ვარჯიში ვლადიმერმა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას დაიწყო. ანუ იგი უკვე საკმაოდ მოზარდი ბიჭი იყო. ხშირად დადიოდა სათევზაოდ იმ მდინარეზე, სადაც თავის დროზე სტალინიც იჭერდა ხოლმე თევზს. ამაზე ქრისტინა რედლიხი წერს. ამრიგად, ვლადიმერ პუტინი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა და არა 1952 წელს, როგორც ახლა აცხადებენ. ესე იგი, რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად 70 წლის კი არა, არამედ 72-საა, პოლონელი ჟურნალისტის წიგნის მიხედვით. თავის დროზე ეს წიგნი არცერთ უცხო ენაზე არ გადათარგმნილა, 2016 წელს პუტინის ბიოგრაფიის ისტორია სენსაციას არ წარმოადგენდა. საერთოდ, წიგნს არავითარი როლი არ შეუსრულებია იმდროინდელ პოლიტიკაში – მერე რა, რომ უკანონო შვილია… თუმცა ვიმეორებ, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის სხვადასხვა ვერსიებზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყეს…  

და რაც კიდევ საინტერესოა, 2000 წელს, ვლადიმერ პუტინის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე (რომელიც მან პირველ ტურშივე მოიგო), არტემ ბოროვიკმა, რუსეთში ცნობილმა ჟურნალისტმა, რომელიც იმ დროს გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოს“ („სრულიად საიდუმლოდ“) მთავარი რედაქტორი იყო და ტელევიზიაშიც რეიტინგულ გადაცემას ხელმძღვანელობდა, ეს ინფორმაცია გაიგო და მის გადასამოწმებლად, ჩეჩენ ბიზნესმენ ზია ბაჟაევთან ერთად საქართველოში გაფრინდა, პუტინის ნამდვილ დედასთან შესახვედრად – ინტერვიუს ჩასაწერად და მომავალი პრეზიდენტის ბავშვობის ამსახველ რაიმე ფოტოსურათის მოსაძიებლად). თვითმფრინავი „იაკ-40“ შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენისას აფეთქდა – არტემ ბოროვიკიც დაიღუპა და ზია ბაჟაევიც. განა მაშინ ამის დამალვა საჭირო იყო? რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს (ФСБ) თვალსაზრისთ, საჭირო იყო. აბა რა, რუსეთის პრეზიდენტობის უკანონო შვილი ხომ არ უნდა ყოფილიყო… დაიწყებოდა ჭორების, ინტრიგების გავრცელება, რასაც მისი ოპონენტებიც გამოიყენებდნენ და ბორის ელცინის ოჯახის მტრებიც – ისე, რომ შეიძლებოდა ვლადიმერ პუტინს არჩევნები პირველ ტურში ვერ მოეგო… ჩემი ეჭვით, ის ვერც მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებდა.

ოლესია ბაცმანი: და ეს ხდება 2000 წელს..

სავიკ შუსტერი: დიახ, მარტში. არტემ ბოროვიკი არჩევნებამდე ზუსტად ორი კვირით ადრე დაიღუპა. ამიტომაც მე არ ვიცი, ახლა რა იუბილე აღინიშნება – 70 თუ 72 წლისთავი. დღემდე პრეზიდენტის ბიოგრაფიის ეს დეტალები საგულდაგულოდ იმალება. გახსოვთ მისი ბიოგრაფია, რომელიც 2000 წლის არჩევნებამდე მან თვითონ დაწერა და გამოაქვეყნა? მასში ვლადიმერ პუტინი ფართოდ ჰყვება მამამისზე, რომელმაც ომის წლები გამოიარა. ჰყვება დედამისზეც, რომელმაც ბლოკადა გადაიტანა და შვილის გაჩენა 41 წლის ასაკში შეძლო, რაც მაშინაც კი ეჭვს იწვევდა – ქალმა, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადის მთელი უბედურება გადაიტანა, შიმშილობდა და ამ დროს 41 წლის ასაკში შვილი გააჩინა. მოკლედ, ქრისტინა რედლიხი ასეთ ისტორიებზე წერს. სხვათა შორის, ბევრს, ვინც ვლადიმერ პუტინის ცხოვრებასა და საქმიანობას თვალს ადევნებს, პრეზიდენტის ოფიციალური ბიოგრაფიისა სჯერა.

ოლესია ბაცმანი: სავიკ, ეს ბევრ რამეს ნათელს ჰფენს. პირველ რიგში იმას, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრი კომპლექსი ბავშვობიდან მოსდევს; მეორე – თუ მამინაცვალი აბუჩად იგდებდა და დასცინოდა, გასაგებია, რომ ვლადიმერს ახლა მთელ მსოფლიოზე სურს შური იძიოს, პირველ რიგში კი საქართველოზე. ასეა, ხომ?

სავიკ შუსტერი: ალბათ, შეიძლება ასეც შევხედოთ. და თუ მართლაც ეს სიმართლეა, ისეთი ბავშვობა, სადაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, სადაც ახლობლები სიყვარულით არ ეპყრობიან და დასცინიან, რასაკვირველია, ეს ყველაფერი მასზე გავლენას მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს. ამაში არავითარი ეჭვი არ არსებობს. ისიც, რომ მან სამბოში ვარჯიში დაიწყო, შემდეგ კი ძიუდოში, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ წავიდა იგი ამ გზით. იცით, იმ დროს ლენინგრადის [ეზოებში და ქუჩებში] რა ხდებოდა… მას თუ აბუჩად აიგდებდნენ, იგი ცდილობდა თავი დაეცვა“.

წყარო