სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა
აფეთქების გამო სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, მოსახლეობა საცხოვრებლად კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.
„დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.
კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ.
პირველივე წუთებიდან ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები, ისე დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება ღამით მოხდა. როგორც თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განაცხადა, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.