1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს” – ინტერვიუს ასლან ბჟანიასთან
“სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს” – ინტერვიუს ასლან ბჟანიასთან

“სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს” – ინტერვიუს ასლან ბჟანიასთან

418
0

რუსული გაზეთი „იზვესტია“ (Известия) აქვეყნებს ინტერვიუს „აფხაზეთის პრეზიდენტთან“ ასლან ბჟანიასთან სათაურით „სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ვალენტინ ლოგინოვი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 – პერიოდულად წარმოებს დისკუსია აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს პროექტში. განიხილავს თუ არა სოხუმი „რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსადმი“ მიერთების შესაძლებლობას?

– არასტაბილურ მსოფლიოში რთულია ერთმა სახელმწიფომ სხვების დახმარების გარეშე იარსებოს. 2014 წელს ხელმოწერილ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს აფხზეთის ჩაბმას პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში. აფხაზეთის პერსპექტიული მონაწილეობა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩარჩოებში, ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებს პასუხობს. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი განმტკიცება.

– თავდაცვისუნარიანობის საკითხთან დაკავშირებით: სექტემბერში აფხაზი და რუსი მეომრების ერთობლივი წრთვნები ჩატარდა. არის თუ არა რაიმე გეგმები მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით?

– რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში… ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს ჩვენთან შემოვიდა რუსული რაკეტული ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით… ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის – აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ.

– საქართველო დღემდე ბრალს სდებს რუსეთს, რომ მან თითქოსდა აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. როგორია დღეისათვის სოხუმ-თბილისს შორის ურთიერთობა? შენარჩუნებულია თუ არა რაიმე კავშირები – ეკონომიკური ან სოციალური?

– ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შენარჩუნებული – ენგურჰესით სარგებლობის საკითხში. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურს ერთობლივად ვიყენებთ. კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურში ხდება. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს შორის პრაქტიკულად არავითარი კონტაქტები არ არსებობს.

ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ ვიღაცეებს, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ – იმიტომ, რომ ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი… მე ძალიან მოკლედ მოგიყევით, თუ რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკაში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად. განა ეს რამენაირად უკავშირდება ტერმინს „ოკუპაცია“? ამაზე კაცი ვერც გაიცინებს, მაგრამ დაე მათ ასე იფიქრონ.

– რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს. ხდება თუ არა რაიმე პროვოკაციები საქართველოს მხრიდან? რამდენად სტაბილურია საზღვრებზე არსებული ვითარება?

– რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება – მხედველობაში მყავს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი გუნდი და არა პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] – ისინი პრაგმატიკოსები არიან და ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი პრობლემები [მათთან] არ გვქონია, ასე ვთქვათ. თუმცა ხანდახან, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ არა იმდენად საქართველოს, არამედ ამერიკის მზვერავი თვითმფრინავები. ჩვენ ამ ფაქტებს ვაფიქსირებთ. თუმცა ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს დაზვერვა უმეტესად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერესებშია და რაღაც ნაწილით – საქართველოს ინტერესებშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა შესაბამის ყურადღებას უთმობს თავის შეიარაღებულ ძალებს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი თბილისში დღის წესრიგიდან არავის არ მოუხსნია. საერთოდ, ჩვენ არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ, ვიცით, თუ რა გვჭირდება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამასთან, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით და კეთილმეზობლური ურთიერთობით. თუმცა ამ შემთხვევაში „ბურთი მათ [ქართველების] მხარეზეა“.

წყარო