1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალება
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალება

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალება

69
0

სამხრეთ კორეის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ძაღლის ხორცით ვაჭრობას კრძალავს.

ახალი კანონის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალება ძაღლების მოშენება და დახოცვა მათი ხორცის მოხმარების მიზნით, ასევე ძაღლის ხორცის დისტრიბუცია და გაყიდვა. კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა, თუმცა თავად ძაღლის ხორცის მოხმარება არ იქნება უკანონო.

ცვლილებები 2027 წელს შევა ძალაში, რაც ძაღლების მოშენებით დაკავებულ ფერმერებსა და რესტორნების მფლობელებს მისცემს დროს, იპოვონ დასაქმების და შემოსავლის ალტერნატიული წყარო.

ამასთან, მთავრობა დახმარებას დაჰპირდა იმ ფერმერებს, ხორცით მოვაჭრეებსა და რესტორნის მფლობელებს, რომლებსაც ახალი კანონი შეეხებათ, თუმცა კომპენსაციის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

სამხრეთ კორეის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში მოქმედებს ძაღლის ხორცის დაახლოებით 1 600 რესტორანი და ძაღლების 1 150 ფერმა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ახალგაზრდა სამხრეთკორეელები ძაღლის ხორცის საკვებად მიღებაზე ძირითადად უარს ამბობენ. სოციალური კვლევების თანახმად, 2023 წელს სამხრეთ კორეაში გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა თქვა, რომ გასინჯული აქვთ ძაღლის ხორცი ბოლო 12 თვის განმავლობაში. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა. ძაღლის ხორცის მოხმარების აკრძალვა 1980-იანი წლებიდან სამხრეთ კორეის არაერთ მთავრობას უცდია. ამჟამინდელი პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და პირველი ლედი კიმ კეონ ჰეე ცნობილები არიან ცხოველებისადმი სიყვარულით. წყვილს ექვსი ძაღლი ჰყავს.