სამი წლის გოგონა, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გოგონას მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუმჯობესებული.
„ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა თაია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე, მდგომარეობა იყო მკვეთრად მკვეთრად გაუმჯობესებული. ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე", - განაცხადა ბარაბაძემ.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან ერთი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება.
