1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად საკუთარი ხელით საბოლოო წერტილი დაუსვა მის ლეგიტიმაციას”-ვატო შაქარიშვილი
“სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად საკუთარი ხელით საბოლოო წერტილი დაუსვა მის ლეგიტიმაციას”-ვატო შაქარიშვილი

“სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად საკუთარი ხელით საბოლოო წერტილი დაუსვა მის ლეგიტიმაციას”-ვატო შაქარიშვილი

514
0

სალომე ზურაბიშვილმა ნაცვლად იმისა, რომ აქციის მონაწილეები დაემშვიდებინა, აირჩია მენტორული, შეურაცხმყოფელი ტონი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ ძალიან სამწუხარო პროცესის მომსწრენი გავხდით. საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად საკუთარი ხელით საბოლოო წერტილი დაუსვა მის ლეგიტიმაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართა მისი შინაარსით მშვიდობიანი სამოქალაქო შეკრება, რომელიც დააორგანიზეს სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულმა ოჯახებმა, შვილმოკლულმა მშობლებმა, იმ ადამიანებმა, ვისაც ქონება წაართვეს, ჯანმრთელობა დაუზიანეს, ამ ადამიანების თვითორგანიზებით, არანაირი პოლიტიკური კომპონენტით, შედგა რამდენიმეათასიანი შეკრება. სპონტანურად დაანონსებული აქციისთვის ეს იყო ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებსაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე საფუძვლიანად გაუჩნდათ ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციაში ბზარი შევიდა.

ვგულისხმობ მის პოზიციას, რომელიც გამოხატა „არა და არასდროს“ პასუხით. ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან პირადად მასზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლისა და შეტევის ფონზე, მისი განცხადებების ტონი შეიცვალა, რამაც საზოგადოებას განგაშის საფუძველი მოგვცა. ეს შეკრება არ იყო არავის წინააღმდეგ, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ეს იყო, პირიქით, მისი მხარდამჭერი, გამამხნევებელი შეკრება, რათა გაუძლოს მიმდინარე ზეწოლას, არ დაექვემდებაროს ბულინგს და არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა მისი ერთი ხელმოწერით“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწვევს.

„იმ 562 ქალბატონმა, რომლებმაც გარკვეულ პეტიციას მოაწერეს ხელი, 150-მდე ყოფილმა საჯარო მოხელემ, მედიამ, ევროპარლამენტარებმა, კონგრესმენებმა, სენატორებმა, ნებისმიერმა უნდა იცოდეს, ვინც მონაწილეობს სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების პროცესში, რომ ამას არანაირი ჰუმანიტარული და ჰუმანური საფუძვლები არ უდევს. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, ეს ამ ქვეყნის დესტაბილიზაციაა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ სასურველი ძალები, რომლებმაც სისრულეში უნდა მოიყვანონ მთავარი მიზანი. ეს არის საქართველოს ომში ჩათრევა. იმ კადრების ფონზე, რაც ვიხილეთ, სააკაშვილი მისთვის ჩვეული ფორმით – აგრესიით, შეურაცხყოფით, ძალადობით როგორ იქცევა, როგორ სიმულირებს და იტყუება, როგორ უნიჭოდ იქცევა, უბედურებაა, რომ ეს კაცი ცხრა წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი იყო და მას შემდეგაც არ ასვენებს ჩვენს ქვეყანას, როგორც მაოხრებელი გზირი. მას მძევლად ჰყავს აყვანილი საქართველო, შეჭმული აქვს მთელი პოლიტიკური, საინფორმაციო ველი და ამ წინასაახალწლოდ ჩვენ კვლავ გვაქვს საფიქრალი, სადარდებელი, რადგან არ გვსურს, ძლივს დასტაბილურებული ქვეყნის არევა ერთი გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მოიტანს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას.

„მინდა, სალომე ზურაბიშვილს შევახსენო, ვის ელაპარაკებოდა აგრესიული ტონით. ეს იყვნენ სააკაშვილის მიერ შვილმოკლული მშობლები, განადგურებული ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე წაართვა სააკაშვილმა, მათი ტკივილი დღესაც მიმდინარეა. ამ ადამიანებს ქუჩაში უწევთ გამოსვლა, რომ არ მოხდეს სააკაშვილის გათავისუფლება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები საკუთარ შვილებს ვეღარაფერს უშველიან. ეს უმძიმესი მოცემულობაა და მათ უწევთ სხვისი შვილებისთვის ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მოიტანს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ქვეყნის დესტაბილიზაციის პროვოცირებას. ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლებსაც უნდათ, ხელისუფლება შეცვალონ არასაარჩევნო მეთოდებით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებს მოფერებოდა, დაემშვიდებინა, გაემეორებინა მისი პოზიცია, რომ „არა და არასოდეს“, მან აირჩია დამრიგებლური, მენტორული, შეურაცხმყოფელი ტონი, იყო არაადეკვატური, შეუსაბამო მოცემულობასთან“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი სასახლიდან გამოვიდა, მას ოვაციებით შეეგება იქ შეკრებილი საზოგადოება, რამაც დაადასტურა, რომ ეს შეკრება არავისთან მივარდნა არ ყოფილა.

„ეს იყო მისი მხარდამჭერი, გამამხნევებელი აქცია. ამ ადამიანების 100 პროცენტი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მას გვერდში დაუდგნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ათმაგად, ასმაგად შეურაცხმყოფელი იყო მისი დამოკიდებულება. მან აქცენტები გააკეთა წარსულზე, მოგვკითხა, სად ვიყავით 2007 წელს. მას ვუპასუხებდი, რომ ჩვენ პოზიცია არასდროს შეგვიცვლია, დღესაც იქ ვართ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. 2007, 2008, 2009-2012 წლებში ძალიან კარგად გვახსოვს კრებსითი გუბაზ სანიკიძეები ძალიან ომახიანად „იბრძოდნენ“ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს კარგად ვუყურებთ, სად არიან. მოსამართლეებთან დაკავშირებით ილაპარაკა, რაც არაადეკვატური იყო. პირადად მეც 2019 წელს ამ მოსამართლეების მუდმივად განწესების გამო „ქართული ოცნების“ რიგები დავტოვე. სალომეს არაერთხელ მივმართე და მას გააჩნდა გარკვეული ბერკეტი ამ პროცესის შესაჩერებლად, მაგრამ მაშინ მან სხვა პოზიცია აირჩია და ხელიც კი მოაწერა ამ მოსამართლეების უვადოდ განწესებას. ეს ადამიანები გუშინ დანგრეულნი წამოვიდნენ. შვილმოკლულმანაწამებმა ოჯახებმა, რომლებსაც უნდა მიეღოთ დამაიმედებელი, დამამშვიდებელი პასუხი, ნაცვლად ამისა, მენტორული ტონი მიიღეს“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.