სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა დასავლური ინტეგრაციის გზას
სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა დასავლური ინტეგრაციის გზას, ის ანტიამერიკული და ანტიევროპულია; შესაბამისად, ანტიქართული პოლიტიკური ძალაა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ. მან შეაფასა საქართველოს პირველი არხისთვის პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუ.
ვაშაძის თქმით, ბოლო ბწკარი აკლია პრეზიდენტის განცხადებას და გამოთქვა იმედი, სალომე ზურაბიშვილი მალე იტყვის, „რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა“.
„ამის სიმპტომები მის საუბარში იყო. პრეზიდენტმაც თქვა, როდესაც ბიჭვინთასთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა რუსეთი იტაცებს, არაფერს ამბობს ხელისუფლება და ამის პარალელურად, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, ევროპარლამენტარებსა და დასავლეთს არა მარტო თავს ესხმის, არამედ ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ეს ანტიქართული ქმედებაა და პრორუსული ძალაა“, – აცხადებს ვაშაძე.
გიორგი ვაშაძემ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს, რომ მათ რიგგარეშე სესიის მოწვევის ინიციატივაზე დათანხმდა.
„დღესაც რიგგარეშე სესია სადმე კი არ წასულა და რიგგარეშე სესია კი არ დახურულა, დღესაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“ რიგგარეშე სესიის ფარგლებში კომიტეტის სხდომები ჩაატაროს და სხდომათა დარბაზში სხდომებიც გამართოს. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას და კანონს აბუჩად აგდებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მედიაციას, ნამდვილად არ ვიცი, რას გულისხმობს. ფუჭად დროის დაკარგვას არ ვაპირებთ, ვაპირებთ მუხლჩაუხრელ შრომას იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.