საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს – ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა -პრეზიდენტი
საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა – სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი“.
„ჩვენ არა მხოლოდ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, არამედ პირველი ეტაპი და ქმედება, რაც დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება ქვეყნის და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში ეს ძალიან ღრმა კრიზისი, რაც არ ვიცით, საით შეიძლება წავიდეს, ეს კრიზისი გადაწყვიტონ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტე – არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.