1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საეკლესიო კანონების გაუაზრებლად შესრულება ძალიან სახიფათოა -მეუფე შიო
საეკლესიო კანონების გაუაზრებლად შესრულება ძალიან სახიფათოა -მეუფე შიო

საეკლესიო კანონების გაუაზრებლად შესრულება ძალიან სახიფათოა -მეუფე შიო

1.12K
0

 “ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი…” – ამის შესახებ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ქადაგებისას ბრძანა. 

“ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო ეპიზოდი ლუკას სახარებიდან, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე შაბათ დღეს ასწავლიდა ერთ სინაგოგაში. და აი, იქ იმყოფებოდა ქალი, რომელიც 18 წლის განმავლობაში შეპყრობილი იყო მძიმე სენით; იგი იმდენად მოკრუნჩხული იყო, რომ წელში საერთოდ ვერ იმართებოდა და ზევით ვერ იყურებოდა. წარმოიდგინეთ, როგორი მოღვაწე ქალი იყო იგი, რომ მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მოდიოდა სინაგოგაში, რათა წმინდა წერილი და ქადაგება მოესმინა.

 

და აი, უფალმა იესო ქრისტემ დაინახა ეს ქალი, მოუხმო თავისთან, შეებრალა, ხელები დაადო მას და უთხრა: „თავისუფალი ხარ შენი სნეულებისაგან“. ეს ქალი განიკურნა, მაშინვე წელში გაიმართა და ღმერთი ადიდა. ხალხი ხარობდა ამის შემყურე, უკვირდა ის დიდი სიყვარული, რომლითაც უფალმა მოახდინა ეს სასწაული ამ ქალისთვის…

მაგრამ ყველამ ერთნაირად როდი მიიღო ეს მოვლენა იმ სინაგოგაში. მათ შორის იყვნენ მორწმუნეები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ზედმიწევნით უნდა შესრულებულიყო საღვთო სჯულის ყველა დადგენილება; მათ მიაჩნდათ, რომ ეს წესები გარეგნულად უნდა შესრულებულიყო ძალიან სწორად. ზუსტად ისე, როგორც დაწერილია, ვინაიდან არსებობს ასეთი კანონი, რომ შაბათს არაფრის კეთება არ შეიძლება და უფალმა იესო ქრისტემ რაღაც საქმე გააკეთა, ეს ქალი განკურნა (და განკურნება საქმედ მიიჩნეოდა), მაშასადამე, მათი აზრით, მაცხოვარმა მცნება დაარღვია. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ გაეხარათ, გაჰკვირვებოდათ და თაყვანი ეცათ ასეთი დიდი სასწაულისთვის, ისინი განრისხდნენ და მაცხოვარს ადანაშაულებდნენ და განიკითხავდნენ.

 

ძალიან კარგად ამბობს მათზე წმინდა იოანე ოქროპირი, რომ კოღოს იგერიებდნენ და აქლემი შთანთქესო. თვითონ ისინი შაბათობით არანაირ საქმეს არ აკეთებდნენო. მათ შორის იყო სინაგოგის მთავარიც, რომელიც განურისხდა უფალს და უფალმა იესო ქრისტემ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: „თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი შაბათობით არ ახსნის თავის ხარს ანდა ვირს, და არ მიჰყავს წყლის დასალევად? და ნუთუ ეს საბრალო დედაკაცი, რომელიც 18 წელი შეკრული ჰყავდა სატანას, არ შეიძლებოდა, რომ განმეკურნა მე შაბათ დღეს?“ შეგახსენებთ, რომ ისინი არა მარტო განიკითხავდნენ უფალს, არამედ მის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვდნენ.

 

ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე განმარტავს, რომ შაბათ დღეს სულაც არ არის აკრძალული სიკეთის კეთება, იმიტომ რომ თუ შეიძლება ასეთი ყოფითი საქმეების მოგვარება, როგორიც არის შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, მით უმეტეს, უპრიანია შაბათ დღეს გაჭირვებული ადამიანის დახმარება.

 

აი, ასე ამხელდა უფალი იესო ქრისტე დაწერილი რჯულის გარეგნულ, ფორმალურ ერთგულებასა და ფორმალურ შესრულებას. როგორც გახსოვთ, იგი არაერთხელ არღვევდა ასე ,,შაბათის” აკრძალვას, კურნავდა ადამიანებს და ამით გვასწავლის,  რომ ძალიან სახიფათოა მხოლოდ გარეგნულად შესრულება რჯულისა და კანონებისა მათი შინაგანი აზრის გაუაზრებლად და დაუნახავად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სარწმუნოება მოწოდებულია, ჩვენი შინაგანი სულიერი სამყარო შეცვალოს, შინაგანად ფერი გვიცვალოს ჩვენ, რომ ჩვენში ყველაფერი ემსახურებოდეს ღმერთსა და ადამიანს, ჩვენს სულში ყველაფერი განიმსჭვალოს ერთგულებით, ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ მოცემული მცნებებისადმი.

გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი, ანუ რჯულში ეს არის მთავარი, რომ ჩვენ შინაგანად შევიცვალოთ და ფერი ვიცვალოთ. როდესაც გიყვარს ადამიანი და გაქვს საშუალება, მას დაეხმარო და ამას არ აკეთებ იმ მიზეზით, რომ შენ ამა თუ იმ დღეს რჯული გიკრძალავს საქმის გაკეთებას, განა ეს სწორია?

 

აი, ამას ასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამ ამბით, რომელიც წაკითხული იყო დღეს ჩვენს სახარებაში.

 

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო,  როდესაც გვინდა, შევასრულოთ  საეკლესიო, თუ გნებავთ, საერო კანონები, არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე. ასე გარეგნულად არ უნდა აღვასრულოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათოა, მხოლოდ ფორმალურად, წესების აღსრულებით, მათ გაუაზრებლად, მათი შინაარსის გაუაზრებლად, შეიძლება მივიდეთ იმ უგუნურებამდე და სისასტიკემდე, სადამდეც მივიდნენ დღევანდელ სახარებაში სინაგოგაში მყოფი მორწმუნეები.

 

ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ შაბათია შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – შაბათისთვის. ამრიგად, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ჩვენ ვლოცავთ ორველაშვილების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.